მზია ამაღლობელი: საპროცესო შეთანხმება ჩემთვის ცოცხლად დამარხვის ტოლფასია – ვერ მოვაწერ ხელს

დასკვნითი სიტყვის დროს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა საპროცესო შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისთვის “ცოცხლად დამარხვის ტოლფასია”.
მისი თქმით, არ მოაწერს ხელს საპროცესო გარიგებას – “მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა”.
“იქ, სადაც მეშვიდე თვეა უკანონოდ გამოკეტილი ვარ, ბევრისთვის საპროცესო გარიგება სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური ნაბიჯია. ვერ დავივიწყებ პატარა გოგოს ტირილს, რომლის ხმა ჩემს საკანში აღწევდა. დედა მენატრებაო. როცა გავიგე, რომ მის მშობელთან საპროცესო გარიგებას აწარმოებდნენ, ძალიან გამიხარდა.
ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. პირიქითაა. ცოცხლად დამარხვის ტოლფასია. შემოთავაზებაც კი ძალიან შეურაცხმყოფელია. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია უკვე გაახმოვანეს. არა, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო გარიგებას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც მოხდა, ის არ იყო თავდასხმა. რა სამართალია, ეს არ ვიცი.
ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავუბრივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედების, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი”, – ბათუმელების თანახმად, თქვა მზია ამაღლობელმა პროცესზე.