მე ზუსტად მესმის, რა სურს „ჰამასს“. მას არ სურს შეთანხმება. მას სურს ჩვენი დაშლა ამ საშინელი ვიდეოებით, ცრუ საშინელებათა პროპაგანდით, რომელსაც მთელ მსოფლიოში ავრცელებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რითაც ისრაელელი მძევლის, ევიათარ დავიდისთვის გადაღებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „შოკირებულია საშინელი ვიდეოებით“ და მძევლების ოჯახებს ესაუბრა.
„როდესაც მძევლები იღუპებიან საპყრობილეში, მათ გარშემო მყოფ „ჰამასის“ ურჩხულებს აქვთ ყველაფერი, რაც საჭმელად სჭირდებათ. ისინი აშიმშილებენ მძევლებს, როგორც ნაცისტები აშიმშილებდნენ ებრაელებს, მაგრამ ჩვენ არ გავტყდებით. მე კიდევ უფრო დიდი მტკიცე გადაწყვეტილებით ვარ აღსავსე, გავათავისუფლო ჩვენი ტყვე შვილები, გავანადგურო „ჰამასი“ და უზრუნველვყო, რომ ღაზამ აღარასდროს შეუქმნას საფრთხეს ისრაელს“, -განაცხადა მან.
ცნობისთვის, ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზაში ისრაელელი მძევლის, ევიათარ დავიდის პროპაგანდისტულ ვიდეოს გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ის უკიდურესად გამხდარი და დასუსტებულია.
ვიდეოში დავიდი ამბობს, რომ არასაკმარის წყალსა და საკვებს იღებს, ძირითადად ოსპსა და ლობიოს ჭამს და რამდენიმე დღის განმავლობაში არაფერი არ უჭამია. ვიდეოს ბოლოს დავიდი გვირაბში საფლავს თხრის და ამბობს, რომ ის შესაძლოა, აქ დაასაფლავონ.
