“როგორ კლავ ქალს დაუსრულებლად, ეს როგორ ხდება?” – ალეკო შუღლაძე

მწერალი, ალეკო შუღლაძე:
წამიერად შეიძლება ძალიან გაფსიხდე, თავმოყვარეობა შეგელახოს, რისხვამ ყვირილი დაგაწყებინოს: „სისხლით ვაზღვევინებ, სისხლით!“ მაგრამ დრო გადის, ქალს დილეგში ამწყვდევენ, ხელებს უგრეხენ, აფურთხებენ, 7 წლიან მუხლს უმზადებენ, მისი განადგურება სურთ. შენ კი სახლში ბრუნდები, ცოლს ეხუტები, შვილებს ეფერები, დედას კოცნი, ვახშმობ, ხუმრობ… დრო იწელება, პატიმარს თვალის ჩინი აკლდება, წონაში იკლებს, რაღაც სხვა მძიმე ავადმყოფობები უვითარდება… ქალმა სრულად ზღო დანაშაული. შენ კი შურისძიების გრძნობა არ გინელდება. როგორ არ გინელდება შურისძიების სურვილი? ეგ როგორ ხდება? შენ იცი, რომ სინამდვილეში არაფერი მომხდარა. შენ თვითონვე იცი. სილის შემოკვრის მომენტში გეგონა, რომ საშინლად დაგამცირეს, მაგრამ დრო ხომ გავიდა. ჩვენ მაშინაც დავინახეთ და სულ გვახსოვს, რომ არაფერი მომხდარა. და შენ როგორ ვერ ივიწყებ ტყუილს? რა ბოროტებაა ასეთი, ამდენ ხანს რომ ბუდობს შენში? როგორ არ გადაგიარა? როგორ აგრძელებ თვეების მერე იმავე ტყუილის დამაჯერებლად გამეორებას, როგორ კლავ ქალს დაუსრულებლად, ეს როგორ ხდება, ადამიანო, როგორ ხდება ეს?! აგე, იესოს სხეული დაუფლითეს, მაგრამ იმავე წამს ყველას აპატია. ჯერ დასრულებული არ იყო მისი წამება, უკვე პატიობდა… დღე დღეს მიჰყვება, როგორ ვერ შემოდის შენს გულში სულ მცირეოდენი სიკეთისა და პატიების გრძნობა?