„ბაზარზეა მინდობილი ჩვენი ჯანდაცვა და იმართება ისე, როგორც მაგალითად, ღვინის წარმოების ბიზნესი. სამწუხაროდ, ჯანდაცვა ასე მარტივად ვერ მოერგება ბიზნესის პრინციპებს“, – ამის შესახებ პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრმა რევაზ კარანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
საქმე ეხება დეფიციტურ საექიმო საქმიანობებს, რომლის ნუსხაც ჯანდაცვის სამინისტრომ 31 ივლისის ბრძანებით განსაზღვრა. ჩამონათვალში ვხდებით ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქიატრია; რადიაციული ონკოლოგია; ბავშვთა გასტროენტეროლოგია; პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია; ბირთვული მედიცინა; კარდიოქირურგია; ნეიროქირურგია; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია; ნეფროლოგია; გადაუდებელი მედიცინა; ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა; ბავშვთა ინფექციური სნეულებები; ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია; ბავშვთა ჰემატოლოგია/ ტრანსფუზიოლოგია; პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია; ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია; რევმატოლოგია; სასამართლო მედიცინა.
როგორც რევაზ კარანაძე ამბობს, დეფიციტის მიზეზი პროფესიიდან მასობრივი გადინებაა, რასაც თავის მხრივ, დაბალი ანაზღაურება განაპირობებს.
„სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრის თქმით, ჯანდაცვის სექტორი პრივატიზებისა და ჰოსპიტალური სექტორის საწოლების გაყიდვის დონეზე არ უნდა რეგულირდებოდეს, რადგან „როდესაც საავადმყოფო გადაკეთდება ბიზნესად, მთავარი ხდება მოგება და არა პაციენტი“.
„პროფესიიდან მასობრივი გადინებაა, შესაბამისად, ლოგიკურია, ის რაც ხდება. ეს განპირობებულია იმით, რომ პირველ რიგში, ხელფასები არის დაბალი, განსაკუთრებით ისეთ პროფესიაში, როგორიცაა – ექთანი. აქედან გამომდინარე, მერე ვერც ექიმები ვერ ასრულებენ საკუთარ ფუნქციას გამართულად და რეალურად ექთნებს უწევს მანიპულაციების 80%-ის შესრულება. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურია ის, რაც ხდება.
ფაქტობრივად, ბაზარზე არის მინდობილი ჩვენი ჯანდაცვა და იმართება ისე, როგორც მაგალითად, ღვინის წარმოების ბიზნესი. სამწუხაროდ, ჯანდაცვა ასე მარტივად ვერ მოერგება ბიზნესის პრინციპებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯანდაცვაში შეიძლება იყოს ისეთი პროფესიები, რომელიც მოთხოვნადი არ არის, თავისი სპეციფიკიდან და მოგებიდან გამომდინარე, თუმცა, ეს პროფესიები აუცილებელია. ეს ყველაფერი მერე თავისთავად ქმნის კრიზისს ჯანდაცვის სექტორში“,- ამბობს რევაზ კარანაძე.
გამოსავალზე საუბრისას „სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ღირსეული ცხოვრების დონესთან შესაბამისი ხელფასები უნდა იყოს, რაც მთავარია, ჯანდაცვის სექტორი არ უნდა განიხილებოდეს როგორც ბიზნესი, რადგან ეს სოციალური საკითხია.
„პირველ რიგში, ხელფასების მატება უნდა მოხდეს. უნდა იყოს ღირსეული ცხოვრების დონესთან შესაბამისი ანაზღაურება და მეორე, პაციენტებისა და ექთნების რაოდენობა უნდა განისაზღვროს. იმიტომ რომ 15 პაციენტზე ერთი ექთანი არ უნდა მოდიოდეს. სიგიჟეა. უბრალოდ ვერ მოახერხებ, რომ ხარისხიანად შეასრულო საკუთარი ფუნქციები.
რაც შეეხება მესამეს, ჯანდაცვა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს არის სოციალური საკითხი. კანონის დონეზე უნდა დარეგულირდეს და არა პრივატიზების და ჰოსპიტალური სექტორის საწოლების გაყიდვის დონეზე. როდესაც საავადმყოფო გადაკეთდება ბიზნესად, მთავარი ხდება მოგება და არა პაციენტი,“ – ამბობს რევაზ კარანაძე.
bpn.ge
