1951 წელს დაწყებული თბილისის მეტროს ისტორია

1951 წელს დაწყებული თბილისის მეტროს ისტორია
თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება 1951 წლის 29 სექტემბერს მიიღეს. ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ შესაბამისი დადგენილება გამოსცა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც თბილისში მეტროპოლიტენის იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი თბილისი მდებარეობა იყო, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სატრანსპორტო კომუნიკაციების დიდი ნაწილი მიწის ზემოთ განლაგდეს. გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე, 1952 წელს ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო. გვირაბებისა და პირველი შახტების მშენებლობა 1953 წელს დაიწყო. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი მშენებელი, ინჟინერი შალვა დანელია.
მეტრო ოფიციალურად 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და 6 სადგურისგან შედგებოდა – დიდუბე, ელექტროდეპო, ოქტომბერი (შემდგომ “ნაძალადევი”), ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და “რუსთაველი”. მეტროს ხაზის სიგრძე 6.5 კილომეტრს შეადგენდა.
მეტროპოლიტენს დამატებით სამი სადგური 1967 წელს შეემატა. 7 ნოემბერს გაიხსნა „თავისუფლების მოედანი” (ძველი “ლენინის მოედანი”), „ავლაბარი” (ძველი “26 კომისარი”) და “300 არაგველი“.
მეტროპოლიტენის მეორე ხაზი ექსპლუატაციაში 1979 წლის სექტემბერში შევიდა. მისი სიგრძე 5,8 კილომეტრი იყო. მეორე ხაზმა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს დააკავშირა. საბურთალოს ხაზს 2000 წლის 3 აპრილს სადგური „ვაჟა-ფშაველა” შეემატა. 2017 წლის 16 ოქტომბერს კი ხაზს მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაემატა. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზის გაგრძელება უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო, 1993 წელს მშენებლობა შეჩერდა და კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. დაკონსერვებული ინფრასტრუქტურა მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, განაახლა და მეტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.