„ბაკურიანში მაღალმხარჯველუნარიანი აზიელი ტურისტების რაოდენობამ მოიმატა“ – ეკატერინე ორჯონიკიძე

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, ეკატერინე ორჯონიკიძის ინფორმაციით, დაბაში აზიელი ტურისტების რაოდენობამ წინა წლებთან შედარებით მოიმატა.
როგორც “ბიზნესპარტნიორთან” ეკატერინე ორჯონიკიძე აღნიშნავს, როგორც ევროპელი, ასევე აზიელი ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს მიეკუთვნებიან, რაც რეგიონში ტურიზმის ეკონომიკურ პოტენციალს აძლიერებს.
“ბაკურიანში ვიზიტორები ზამთრის პერიოდში, ძირითადად ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ჩამოდიან, ჩვენი სათხილამურო ტრასა აინტერესებთ. ამჟამად, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ზოგადად, აზიური ბაზრიდან ტურისტებმა ძალიან მოიმატა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ევროპელი სტუმრების რიცხვმა დაიკლო. აზიელები ევროპელი ტურისტებისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან, ორივე სეგმენტი წამყვან სასტუმროებს ანიჭებს უპირატესობას, მაგალითად, რომლებსაც საკუთარი სპა აქვთ. ამასთან, გეცოდინებათ რომ აზიელები განსხვავებულ საკვებს მიირთმევენ, ამიტომ მოთხოვნიდან გამომდინარე, დაბაში მათზე მორგებული საკვები ობიექტები გაჩნდა – ბაზარი ტურისტების სურვილებს ერგება”, – აცხადებს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე.
ეკატერინე ორჯონიკიძე ბაკურიანში ვიზიტორების ზოგად ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კურორტზე ტურისტების რიცხვი გასულ წლებთან შედარებით, 20%-ით შემცირდა, რასაც დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებს.
“ვიზიტორების რაოდენობას, რაც შეეხება – დამსვენებლების რიცხვს ბაკურიანის ცენტრალური პარკი კარგად ასახავს ხოლმე, ვიზიტორების რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია, ალბათ, დაინტერესებული პირები ინფრასტრუქტურულ პროექტზე ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას და სხვა არჩევანს აკეთებენ. ვფიქრობ, ვიზიტორების რაოდენობა მაქსიმუმ 20%-ით შემცირდა, თუმცა ახლა მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე წყალანირებზე მუშაობა შევაჩერეთ, რომ მათ წყალი არ შეუწყდეთ”, – აღნიშნავს ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე.
ამასთან, ეკატერინე ორჯონიკიძემ “ბიზნესპარტნიორთან” დაბაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაკურიანში გადათხრილი გზები ვიზიტორებს დისკომფორტს უქმნის.