ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურმა დააკავა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის მოქმედი უფროსი (თ.კ.).
როგორც საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, 826 815 ლარის ოდენობით თანხა მიითვისა. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთა 12 წევრი უკვე დაკავებულია, 2021-2024 წლებში მოქმედებდა.
“ბრალდებული, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელ ლ.დ.-სა და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ახდენდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების ურთიერთშორის განაწილებას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი – ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ყოფილი თანამშრომელი ლ.დ. გამოძიებით დადგენილია, რომ 2021-2024 წლებში, ბრალდებულებმა გრანტების მისაღებად, სხვადასხვა ბენეფიციარის სახელით არაერთხელ მიმართეს ააიპ -სოფლის განვითარების სააგენტოს და წარუდგინეს ყალბი ინვოისები, სასაქონლო ზედნადებები, ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტები და აუდიტორული დასკვნები. წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, სააგენტომ ბრალდებულებს, მათივე მფლობელობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჩაურიცხა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გამოყოფილი თანადაფინანსების თანხა – 826 815 ლარის ოდენობით. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულ იქნა ბრალდებულისა და მასთან კავშირში მყოფი პირების სახელზე რიცხული დიდი ოდენობით ქონება და საბანკო ანგარიშები”, – განაცხადა თავბერიძემ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ყალბი საკრედიტო ბარათებისა და დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას, ასევე, ღაღლითობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
როგორც გუგა თავბერიძემ განაცხადა, გამოძება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა მონაწილეების გამოვლენის მიზნით.
