რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოკუპირებული ყირიმის საჰაერო სივრცეში 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
ამავე ინფორმაციით, დამატებით ერთი დრონი კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს.
“5 იანვარს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ტერიტორიის ობიექტებზე დრონების გამოყენებით. 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით ყირიმის თავზე, ხოლო კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი – კრასნოდარის მხარეში”. – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
4 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში 10 რაკეტა გაანადგურეს. მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სტრატეგიული კომუნიკაციების ოფისმა დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა 4 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე სევასტოპოლთან რუსეთის საოკუპაციო ძალების სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.