„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ის მართლაც იმყოფებოდა თურქეთში, თუმცა დასასვენებლად და არა, – როგორც ოპოზიციური მედია ავრცელებდა – აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურთან, კლინიკაში მყოფ თორნიკე რიჟვაძესთან „მოსალაპარაკებლად“.
31 ივლისს ჟურნალისტების კითხვაზე, მართლაც იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძის სანახავად და მასთან მოსალაპარაკებლად თურქეთში, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„არა. ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი. მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად, დასასვენებლად ხუთი დღით“.
„არა, ბელეკში [კურორტი თურქეთში] არ იყო თორნიკე რიჟვაძე, არცერთი წამით არ ყოფილა“, – თქვა მან.
მდინარაძემ ამას უწოდა „ბინძური“ ტყიული, რომელსაც„აგენტები“ ავრცელებენ. ამ თემაზე საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. „ქართული ოცნების“ ლიდერები კრიტიკოსებს „აგენტებს“ უწოდებენ.
მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ გადმოცემით იცის, თორნიკე რიჟვაძე უკეთაა.
„მე რაც ვიცი და შემიძლია გავახმოვანო, – არა გამოძიებიდან, არამედ ჩვენი წრიდან ვიცი, – იმ საღამოს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მხოლოდ ეს ვიცი“.
მდინარაძემ ასევე თქვა, რომ სიცრუეა გავრცელებული ხმები კახა კალაძესთან დაპირისპირებაზე და მას „არცერთი წამით“ არ დაპირისპირებია:
„კახა არის ადამიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი რეკომენდატორი იყო ჩემი, ირაკლი კობახიძესთან ერთად. როგორ გგონიათ, მეგობრებს, უახლოეს მეგობრებს, დავუპირისპირდები რამის გამო, თან როდესაც ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ“?! – განაცხადა მან.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით ერთი კვირით ადრე, 24 ივლისს აცხადებდა, რომ მდინარაძე თურქეთში იმყოფებოდა – „ალბათ, [რიჟვაძესთან საქმის დასალაგებლად“.
· 7 ივლისის დილას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა და დაიჭრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
· რიჟვაძის საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ მიყვანის შემდეგ ახვლედიანი პოლიციამ დააკავა „იარაღის დაუდევრად შენახვის“ ბრალდებით;
· რიჟვაძე იმავე დღესვე გადაიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას უკვე დადებითი დინამიკა აღენიშნებოდა;
· 8 ივლისს ახვლედიანისთვის ბრალის წაყენების შესახებ პროკურატურის განცხადებიდან გაირკვა, რომ გამოძიება მუშაობს თორნიკე რიჟვაძის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანის მიმართულებით – ახვლედიანი სხდომათა დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს;
· 9 ივლისს, დილით ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, ოჯახის თხოვნით, თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.
· მას რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.
ფორუმი
