მზია ამაღლობელის საქმეზე მოსალოდნელი განაჩენის გამოტანამდე, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთობლივად მოუწოდებენ, მოხსნან ვეტერანი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
„ამაღლობელი იანვარში დაპატიმრების შემდეგ უსამართლოდ იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, რა დროსაც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა საშიშად გაუარესდა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსით პოლიციელზე თავდასხმისთვის — ბრალდება შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ფართოდ განიხილება, როგორც გადაჭარბებული და პოლიტიკურად მოტივირებული. დაპატიმრების შემდეგ ამაღლობელი და მისი მედიაორგანიზაციები ცილისწამების კამპანიების, დამამცირებელი მოპყრობისა და ეკონომიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ასევე უსამართლოდ დაადანაშაულა იგი უცხო ძალების სახელით მოქმედებაში, რაც, როგორც ჩანს, მისი, როგორც ჟურნალისტის, სანდოობის შელახვის მცდელობაა“, — ნათქვამია განცახდებაში.
განცხადებაში „ქართული ოცნების“ მიერ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ ზეწოლის კამპანიად არის შეფასებული მედიასაშუალების ანგარიშების დაყადაღება.
„ამაღლობელი ქართული მედიის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა. მისი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე მოხდა. მმართველმა პარტიამ შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცე რეპრესიული კანონების, თვითნებური დაპატიმრებების, განზრახ ეკონომიკური ზეწოლისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის გზით. 1-ელ აგვისტოს დაგეგმილ საბოლოო მოსმენამდე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენი ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი ამ თვის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში წინა მოსმენის მონიტორინგის მიზნით, ყურადღებით დააკვირდებიან ხვალინდელ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სიმბოლოს ეს დისკრიმინაციული და გადაჭარბებული დევნა დასრულდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 13 ორგანიზაცია:
· საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
· ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ)
· პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
· „მუხლი 19“ ევროპა
· OBCT
· თავისუფალი პრესა შეუზღუდავად (FPU)
· ფონდი „სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის“ (JFJ)
· ცენზურის ინდექსი
· ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ)
· არამინტა
· მედიის მრავალფეროვნების გლობალური ინსტიტუტი
· მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი
· IMS (მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა)




