დასავლეთმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოხსნას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასად ალ-შიბანისთან შეხვედრისას განაცხადა.
„გვჯერა, რომ ეს სანქციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას. მათ ზიანი მხოლოდ სირიელ ხალხს მიაყენეს და არა იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომელთა წინააღმდეგაც, როგორც მათ თქვეს, ისინი დაწესდა. ჩვენ სანქციებს მხარს არასდროს ვუჭერდით. ახლა ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგები ზოგიერთი სანქციის ეტაპობრივად მოხსნას იწყებენ. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასად ალ-შიბანიმ აღნიშნა, რომ სირია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებით არის დაინტერესებული.
„როგორც იცით, რუს და სირიელ ხალხებს შორის ურთიერთობები ისტორიულ ხასიათს ატარებს. ბუნებრივია, არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც ამ ურთიერთობებს განსაზღვრავენ და ართულებენ. დღეს ჩვენ ახალ სირიას წარმოვადგენთ. დაინტერესებული ვართ ჩვენს ქვეყნების შორის სწორი ურთიერთქმედებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბებით, რომლებიც თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
