საგანი, რომელიც ისროლა გურამ მირცხულავამ, ის არ ყოფილა ნასროლი პოლიციის მიმართულებით – მოგმართავთ შუამდგომლობით, გააუქმოთ აღკვეთის ღონისძიება ან იმსჯელოთ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე,- აღნიშნული შუამდგომლობით, აქციაზე დაკავებული ბრალდებულების გურამ მირცხულავას და ჯანო არჩაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მიმართა.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართვამდე კი, ადვოკატმა სასამართლოს ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობით მიმართა. როგორც ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მტკიცებულება ეხება არჩაიას და მირცხულავას წინააღმდეგ არსებულ ორ ვიდეოს, რომელზეც ექსპერტიზაც თავად დაცვის მხარემ დანიშნა.
ომარ ფურცელაძის განმარტებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მირცხულავას შესახებ არსებული ვიდეო დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილია. მისი თქმით, ექსპერტიზით ირკვევა, რომ გურამ მირცხულავას მიერ ხელში აღებული საგნის რაობა და შესაბამისად, მისი სიმძიმის იდენტიფიცირება ვიდეოთი შეუძლებელია.
„საგანი, რომელიც ისროლა გურამ მირცხულავამ ის არ ყოფილა ნასროლი პოლიციის მიმართულებით“,- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
რაც შეეხება ჯანო არჩაიას შემთხვევაში არსებულ ვიდეოს, ადვოკატის განმარტებით, ირკვევა, რომ საგნის სროლა ორმხრივად იყო სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეთა შორის, ერთ-ერთ ნაწილში კი ირკვევა, რომ არჩაია პოლიციისგან ნასროლ საგანს უკან აბრუნებს, თუმცა ასფალტზე ეცემა.
ამასთან, ადვოკატმა ხაზი გაუსვა წინა სასამართლო სხდომაზე მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას, როდესაც მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა თქვა, რომ “ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის”.
ადვოკატის თქმით, მთავარი გამომძიებლის ამ ჩვენებამ აჩვენა ის, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს დანაშაულის ორგანიზებულობას და ბრალდებულთა კავშირს სავარაუდო ორგანიზატორებთან.
ომარ ფურცელაძის თქმით, ყველა გარემოება იძლევა იმის საფუძველს, რომ გადაიხედოს აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის ის, რომ არ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„ვინაიდან უკვე დასრულებულია მტკიცებულებების გამოკვლევა, მასზე ზემოქმედების რისკი არ არსებობს… მოგმართავთ შუამდგომლობით, გააუქმოთ ის ან იმსჯელოთ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე“,- განაცხადა ომარ ფურცელაძემ.
დამატებითი მტკიცებულების დართვის შესახებ მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა სრულად დასაშვებად ცნო, ხოლო აღკვეთის ღონისძიების გადახედვის ნაწილში შუამდგომლობა ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
