აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატი მოსამართლეს – სათათბიროდ გადით, დღესაც მოგიწოდებთ! ამ ადამიანების პატიმრობა არის უკანონო

სათათბიროდ გადით, დღესაც მოგიწოდებთ! ამ ადამიანების პატიმრობა არის უკანონო,- ასე მიმართა აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეების, სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.
როგორც ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ამ ადამიანების დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს, მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ, შესაბამისად მათი პატიმრობაში ყოფნა უკანონოა. ადვოკატმა ასევე ისაუბრა სერგეი კუხარჩუკზე, რომელიც მისივე თქმით, 28 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით შიმშილობდა, მიზეზი კი ის იყო, რომ კუხარჩუკს ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდა, ასევე ითხოვდა სასამართლო დარბაზში მედიის დასწრებას.
ადვოკატის თქმით, სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მასთან ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები შევიდნენ და მათ დაარწმუნეს შიმშილობის შეწყვეტილს აუცილებლობაში.
ადვოკატმა ასევე ისაუბრა თარჯიმნის პრობლემაზე, რაზეც მოსამართლემ მიუთითა, რომ ახლა სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებას განიხილავენ.
„როდესაც ადგილზე თათბირობთ ობიექტურ გადაწყვეტილებას არ იღებთ და თარჯიმანზე მიიღეთ გადაწყვეტილება, მაშინ, როცა სხდომიდან გახვედით. უმჯობესი იქნება, რომ ადგილზე თათბირით არ მიიღოთ ხოლმე გადაწყვეტილება, ადგილზე ვერ იღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას. გადით სათათბიროდ, დღესაც მოგიწოდებთ. ამ ადამიანების პატიმრობა უკანონოა”, – განაცხადა ბექა ხოხობაშვილმა.
აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობებს სხვა დაკავებულთა ადვოკატებიც აყენებენ, შუამდგომლობები ამის თაობაზე ჯერ-ჯერობით არ დაკმაყოფილებულა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს თავმჯდომარე – კაცი, რომელმაც ინტერვიუ აიღო, აღმოჩნდა სააკაშვილის „ადვოკატი“ – თუ თანაგუნდელები გვერდში დამიდგებიან, ვუჩივლებ – ნაძირალა, არ ვიცი წარმოადგენდა თუ არა The New York Times-ს, ეჭვი მეპარება, მოგზავნილი იყო