გიორგი ბარამიძე – ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილს ეომოს, ზოგიერთს ახლა იმისთვის ცხელა, “ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტრიგები ხლართოს, თითქოს, შიგნით დაპირისპირება მოძებნოს – ვინც ამით არის დაკავებული, მოვუწოდებ, ფოკუსი გაასწორონ

4 ოქტომბერს რუსულმა მოღალატეობრივმა ბანდამ გადაწყვიტა ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ იქნება განსაკუთრებული დღე – რეჟიმთან მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის განსაკუთრებული დღე იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, პარტიაში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ერთსულოვნებაა – თინა ბოკუჩავას, სა და ს გზავნილები ერთმანეთთან თანხვედრაშია.
მისი თქმით, ვისაც ახლა მეტი ენერგია შიდა დაპირისპირებების ძიებაში შეაქვს და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტრიგებს ამზადებს, მათი ყურადღება რეალურ მტერზე – „ბიძინა ივანიშვილსა და რეჟიმზე უნდა გადაიტანოს“.
„4 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, უნდა იყოს არა რუსული სპეცოპერაცია, არამედ გარეთ ხალხი – ამ რეჟიმის დასასრულებლად. ეს რეჟიმი შეიძლება 4-ში დასრულდეს, 10-ში ან 30-ში ეს ჩვენ წინასწარ არ ვიცით. არ უნდა გავაპროტესტოთ 4 ოქტომბერი – რუსული სპეცოპერაცია? ვინმე არის ჭკუათმყოფელი, რომელიც იტყვის, 4 ოქტომბერი არ უნდა გავაპროტესტოთო? რა მოხდება 4 ოქტომბერს წინასწარ არავინ იცის.
ზოგიერთს ახლა იმისთვის ცხელა, ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეომოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტრიგები ხლართოს, გამოძებნოს რაღაც, თითქოს, შიგნით დაპირისპირება მოძებნოს. ვინც ამით არის დაკავებული, მოვუწოდებ, ფოკუსი გაასწორონ რეჟიმის წინააღმდეგ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. თინა ბოკუჩავამ თქვა ის, რაც უნდა ეთქვა, რაც თქვა მიხეილ სააკაშვილმაც, რაც აბსოლუტურ თანხვედრაშია იმასთან, რაც ლევან ხაბეიშვილმა თქვა“,- განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება იქ, სადაც ბრძოლაა.
„ყველა პატრიოტი შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ ყოველდღე არის ბრძოლის დღე. 4 ოქტომბერი რატომ იქნება განსაკუთრებული ავხსენი – რადგან ამ დღეს რუსულმა მოღალატეობრივმა ბანდამ გადაწყვიტა ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ამიტომ იქნება განსაკუთრებული დღე. რეჟიმთან მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის განსაკუთრებული დღე იქნება. რეჟიმთან ბრძოლა იმავე დღეს დასრულდება, 10-ში თუ 30-ში ეს ზუსტად არავინ იცის. პროტესტი როგორი იქნება ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ამას არ გადაწყვეტს ერი და ორი ადამიანი.
შესაბამისად, სადაც არის ბრძოლა იქ არის „ნაციონალური მოძრაობა“. არ მგონია რომელიმე პარტიამ თქვას – „4 ოქტომბერს შვებულებას ვიღებთ და ბრძოლისგან თავს შევიკავებთ“,- განაცხადა ბარამიძემ.
ამასთან, ბარამიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ლაშა ცანავას დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებას ცდილობს.
„არა მარტო ხაბეიშვილის დაჭერას აპირებენ, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც თავის პოსტში დაწერა, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებზე, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილზე, როგორც ერთ-ერთ აქტიურ მებრძოლ ადამიანზე. ამ ბოლო დროს ლევან ხაბეიშვილმა ბევრი რამ გააკეთა, რამაც ძალიან ატკინა ამ რეჟიმს. კერძოდ, შიგნიდან გამოიტანა ინფორმაცია, რომ ერთმანეთს ჭამენ, რომ ბოლომდე გაიხრწნა ეს რეჟიმი. გამოჩნდა კიდევაც ის, რაზეც ლევან ხაბეიშვილი ლაპარაკობდა, რომ თავიანთ ერთ-ერთ ლიდერს თავს აკვლევინებდნენ. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა ამ ბანდაში, რომ ადამიანმა თავის მოკვლა გადაწყვიტა. ლევანი საუბრობდა სუს-ის უფროსზე, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრზე, თავდაცვის სამინისტროზე, ყველაფერი გამართლდა.
სამიზნე ვიქნებით და უკვე ვართ თითოეული ჩვენგანი. რაც შეეხება ბრალდებებს, შეთითხნილი ბრალდებებია. ჩვენ დაკავებას კი არა ყოველ წამს ველოდებით დახვედრას, ტყვიის სროლას, თავის გატეხას და უბედურებას, ამისთვის ვართ მზად, მით უმეტეს, ვინც ხელმძღვანელ თანამდებობაზე ვართ“,- განაცხადა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თათია ნიკოლაშვილი – ძალოვანი უწყების ავტომობილი ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას – მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ ვაფრთხილებ, რომ თუ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ გააკეთებენ, თვალებს „ამოვუწვავ“