თაღლითობის ბრალდებით ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თაღლითობის ბრალდებით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, ლაშა ცანავა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფულს სთხოვდა.
„ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ლ. ც. უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კავშირების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. 2025 წლის 21 მაისს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ ლ. ც-ს მოთხოვნით მის ანგარიშზე ზემოხსენებული თანხის ნაწილი ჩარიცხა. ამის შემდგომ ლ. ც. მას სისტემატურად უკავშირდებოდა და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდა. შედეგად, აღნიშნულმა პირმა 2025 წლის 30 მაისს და 12 ივნისს ქალაქ თბილისში ლ. ც-სთან შეხვედრებისას მას დამატებით 2 500 ამერიკული დოლარი გადასცა. ამრიგად, ლ. ც. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მის მიერ მოთხოვნილი 5 600 დოლარიდან მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქის 2 650 ამერიკულ დოლარს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები“, – აცხადებენ სუს-ში.
სუს-ის განცხადებით, თაღლითობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.