“მე მინდა, რომ ყველა დაპატიმრებული, ვისაც არა აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული, გარეთ იყოს, მზია ამაღლობელის ჩათვლით”, – ამბობს რეჟსორი ქეთი დოლიძე. მას “ნეტგაზეთმა” ჰკითხა, რას ფიქრობს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელისთვის წაყენებულ ბრალზე, რომლის მიხედვითაც მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“მე მინდა, რომ ყველა დაპატიმრებული, ვისაც არა აქვს ჩადენილი მძიმე დანაშაული, გარეთ იყოს, მზია ამაღლობელის ჩათვლით. იმიტომ რომ არის რაღაცა, რასაც ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა გაუწიოს ანგარიში. ეს უკანდახევა არ არის.
მე არ ვიცი, ყოველ მეორე წუთას ყველას დაჭერა და ციხეში ჩაგდება, რა არის? არ მესმის. ამდენი ახალგაზრდა… მე მაგალითად ვისურვებდი, რომ სულ ყველა გაათავისუფლონ, გარდა იმათი, ვისაც მოლოტოვის კოქტეილები აქვს ნასროლი. აბა გაბედეთ ერთი პოლიციელზე ხელი აწიეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ იცით რა მოხდება? ბრიტანეთში არ იცით რას უზამენ?
ჩვენთან ეს დასაშვებია, ყველაფერი შეიძლება, იმიტომ, რომ საერთოდ დღევანდელი საზოგადოების დონე, გაღიზიანება იქამდეა მისული, ამ [ქუჩაში] გამოსულ ახალგაზრდებს, რომ კივიან და წივიან, მათ მოთხოვნებს რომ მიყვე, პრაქტიკულად საქართველოში აღვირახსნილი იქნება მთელი პროცესი. საერთოდ არ იქნება არც სასამართლო, არც არაფერი.
მე არ ვამბობ, რომ არ არსებობს შეცდომები, უამრავი, მაგრამ როგორ შეიძლება ქვეყანას პოლიცია არ ყავდეს, ჯარი არ ყავდეს და ყველაფერზე თითი უქნიო. აბა გაბედეთ რომელიმე სხვა ქვეყანაში. რუსეთი არა მაქვს ცხადია მხედველობაში, იმიტომ რომ ის ქვეყანაც არ არის, მონსტრია, მაგრამ დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში გაბედეთ იმის გაკეთება, რასაც ესენი აკეთებენ. რას ქვია ხელი გაარტყა პოლიციელს. რა თქმა უნდა ქალია, ის არის, ეს არის, მაგრამ რას ნიშნავს პოლიციელს ხელი დავარტყა. მე მინდა, რომ გარეთ იყოს მზია ამაღლობელი, მაგრამ ის, რომ არაფერი არ დაუშავებია და ტყვილა ზის, ასე არ არის.
რა თქმა უნდა, გამოუშვან უნდა, მაგრამ ის დამნაშავეა, არავის აქვს უფლება ლეწოს სახეში. რას ნიშნავს ხელს ურტყამს სახეში პოლიციელს? შეიძლება პროტესტის რაღაც სახე მონახო, მაგრამ პოლიციელისთვის და სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის სილის გაწნა არის დანაშაული.
მე არ მითქვამს სხვადასხვა მოსაზრება, მე გითხარით რომ არ მინდა რომ ვინმე ციხეში იჯდეს, მით უმეტეს ჩემი მსახიობი რომ ზის. იმაზე არ მტკივა გული? იმაზე ათჯერ უფრო მტკივა გული, იმიტომ რომ იმას არავისთვის სახეში ხელი არ გაურტყამს და ზის აგერ ციხეში.
საერთოდ, რა ამბავია ეს ამდენი დაჭერები? მე ერთი მხრიდანაც შემიძლია გითხრათ და მეორე მხრიდანაც, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელჩართული ბრძოლა არის დასჯადი.
ამ მთავრობის დამსახურებაა, ამათი აპოლოგეტი არა ვარ, მაგრამ გარშემო ნახეთ, ყველგან რომ ომია და ერთადერთი ჩვენი ქვეყანაა, რომელმაც არ დაუშვა ომი”.
მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 6 თვე უკანონო პატიმრობაში იმყოფება – სილის გაწვნის გამო მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით კი, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო ასევე სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა პირველ აგვისტოს დასრულდება.




