ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის განცხადებით, კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად არ დაყენება არა მხოლოდ მისი პოლიტიკური კარიერის დასრულება იქნება, არამედ ბიძინა ივანიშვილისგან ფაქტობრივად მისი გაწირვაც.
როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ საუბრისას აღნიშნა, საბოლოოდ ივანიშვილი მაინც დააყენებს კალაძის კანდიდატურას, თუმცა, როგორც ამბობს, „ბოლომდე შეშინებულს და განადგურებულს“.
„კალაძისთვის მერობის კანდიდატად არ დაყენება ნიშნავს არა მხოლოდ პოლიტიკურ სიკვდილს, არამედ ივანიშვილის მიერ ფაქტობრივად გაწირვას. ამიტომაც არის, რომ ღელავს. ერთი კვირის წინ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მე ვიქნები, რა თქმა უნდაო. შემდეგ ვიღაც რიგით დეპუტატს ათქმევინეს, რომ – „კი, კალაძეს უნდა, მაგრამ ჩვენ სხვა კანდიდატებიც გვყავსო“. ანუ აშინებენ, ღამეები არ სძინავს. დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილი კახა კალაძის კანდიდატურას დააყენებს, მაგრამ ბოლომდე შეშინებულს და განადგურებულს“, – განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის მოსაზრებით, ხელისუფლებაში მყოფ პირებს აიძულებენ, უფრო აქტიურები გახდნენ, ხოლო ვინც ტოვებს პარტიას, მათ სთხოვენ მმართველი გუნდის მხარდამჭერად დარჩენას.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ არიან და მორალურად იზოლირებული დარჩნენ.
„ღარიბაშვილს შესაძლებელია შიში აკმაროს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ყურებით ეყოლება დაჭერილი, ისევე როგორც ძალიან ბევრი პოლიციელი. ანუ ხელისუფლებიდან ვინც მიდის, მათ სთხოვენ იყვნენ პარტიის გვერდით, ხოლო ხელისუფლებაში ვინც არის, ეუბნებიან, რომ იმაზე უფრო მეტად აქტიურები უნდა იყვნენ, ვიდრე არიან დღეს. არ არიან საკმარისად აქტიურები, რადგან ყველაზე გავლენას ახდენს ოჯახი, ნათესავები, ქუჩა, შვილები. სრულ მორალურ იზოლაციაში არიან“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში კადრების სერიოზული დეფიციტია და მინისტრები ხშირად არაკვალიფიციური პირები ან ყოფილი მოადგილეები ხდებიან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰყავს პოლიტიკური ფიგურები.
„დღეს ვინც არიან ესენი ხომ პოლიტიკოსები არ არიან. ივანიშვილს ვინც კი პოლიტიკური ფიგურები ჰყავდა წამოვიდნენ და დღეს ოპოზიციაში არიან. მას დარჩა უსახური პირები, შემცვლელი არ ჰყავს. საიდან მოიყვანონ მინისტრები და მოადგილეები? პროფესიონალი მათთან მისვლას არ იკადრებს. ნიშნავს მინისტრის ყოფილ მოადგილეებს და ხდება დეკვალიფიკაცია. ყოველი ახალი დანიშვნა არის, ფაქტობრივად, უწიგნური ადამიანების პოსტზე დასმა. არავითარი რეზერვი არ ჰყავს. როდესაც მორალურად კოტრდები, ამას უკვე მოსდევს პოლიტიკური ეროზია. ეს არის ბოლო სტადია, როდესაც მორალურად ნადგურდები“,- განაცხადა გოცირიძემ.
