შემიძლია მოგიტანოთ ჩემი ლეპტოპი, ტელეფონი და ჩემ ადვოკატთან ერთად ნებისმიერ ადგილას გაგიხსნათ „ჩატი“. თქვენ ვერცერთ ამ ადამიანთან[ სხვა ბრალდებულებთან] ჩემ კონტაქტს ვერ ნახავთ, – ასე მიმართა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ მოწმე გამომძიებელს სასამართლო სხდომაზე.
დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით იკითხება გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი. ის 11 პირითა საქმეში მთავარი გამომძიებელია.
„შემიძლია მოგიტანოთ ჩემი ლეპტოპი, ტელეფონი და ჩემ ადვოკატთან ერთად ნებისმიერ ადგილას გაგიხსნათ „ჩატი”. თქვენ ვერცერთ ამ ადამიანთან[ სხვა ბრალდებულებთან] ჩემ კონტაქტს ვერ ნახავთ. რადგან ექსპერტიზის პასუხი არ გაქვთ, იმიტომ გეუბნებით ამას. ასევე სხვა ადამიანების მხრიდანაც ვერ ნახავთ კავშირს. არცერთი ვიდეო არ მაქვს ნანახი მხოლოდ „იმედზე” ორი წამით ვნახე, კასრაძის და…. [კიდევ ერთი ბრალდებულის] ვიდეო, ციხეში ვუყურე და ამიტომ ვერაფერს ვიზამდი. ჩემი, აზრით ეს ვიდეოებიც სრული აბსურდია.
ბოლოს მორალურ კითხვას დაგისვამთ, 11 და კიდევ 8 პირია დაკავებული, მათ შორის ბავშვები და ზრდასრულები. ამდენი ხანია ციხეში ვართ, მორალურად და ადამიანურად, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას? ჩემ ვიდეოში, რა არის დანაშაულებრივი?”- ჰკითხა ონისე ცხადაძემ გამომძიებელს.
გამომძიებლის თქმით კი, ვიდეოში ნივთების სროლა ჩანს.
„[ჩანს]ნივთის სროლა. ასევე არჩაია ისროდა მძიმე საგანს“, – თქვა არსენ ხუნაშვილმა.
ხუნაშვილის ამ პასუხზე ბრალდებულებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ვიდეო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი და უჩნდებათ კითხვა, მოწმე რატომ ამბობს ფრაზას, რომ „მძიმე საგანს ისროდნენ”.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
