“თავისუფლების მოედანმა” ლუსტრაციის კანონპროექტი შეიმუშავა

“თავისუფლების მოედანმა” შეიმუშავა ლუსტრაციის კანონპროექტი. მათი განცხადებით, ეს იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც ისინი წარუდგენენ ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს.
“ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ, პირველი – აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, მეორე – დავიცვათ დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ქვეყანაში და მესამე – ის ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა სპეცსამსახურებთან, ან მათ მემკვიდრე ორგანიზაციებთან, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაცილოთ ქართულ სახელმწიფოსთან ყოველგვარ კონტაქტს.
ასეთ ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ მიიღონ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ქვეყნის მართვას. ასევე, არ უნდა იყვნენ შემხებლობაში მნიშვნელოვან საკითხებთან, რომლებიც სახელმწიფოს დაფინანსებით კეთდება – იქნება ეს საგანმანათლებლო თუ კვლევითი საქმიანობა, თუ იქნება სახელმწიფო შესყიდვები”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ, “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთი ლიდერი.
“მე ვფიქრობ, რომ ლუსტრაცია საჭიროა არა მხოლოდ იმისთვის, რომ გავარკვიოთ საბჭოთა კავშირში ვინ თანამშრომლობა სპეცსამსახურებთან და პროპაგანდასთან, არამედ იმისთვისაც, რომ არასდროს არ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა მაშინ და რაც ხდება დღეს. იმიტომ, რომ დღესაც, სპეცსამსახურები მონაწილეობენ საქართველოს მოქალაქეების დაშინებაში. ისინი განსაზღვრავენ დღევანდელი მასწავლებლების, სკოლის დირექტორების, უნივერსიტეტის პროფესორების, ხელოვანების, ჩვეულებრივი მშრომელების ბედს. ისინი წყვეტენ, ვინ დაწინაურდება და ვინ არა და ა.შ. ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს.
ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და დღესაც, სადაც ხდება ადამიანის უფლებების შელახვა, უნდა იყოს ამ პროცესის ნაწილი. ეს უნდა მოხდეს არა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის – იმისთვის, რომ რომელიმე პარტიას ჰქონდეს უპირატესობა, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე”, – ამბობს ისტორიკოსი, განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია.
კანონპროექტის მოკლე შინაარსი “თავისუფლების მოედანმა” ვიდეო-ილუსტრაციის სახით გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე. ვიდეოში საუბარია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე. “თავისუფლების მოედნის” იდეაა, რომ შეიქმნას “ეროვნული მეხსიერების საბჭო”, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭომ უნდა შეისწავლოს არქივები და გამოავლინოს ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარული სისტემის განმტკიცებას ემსახურებოდნენ. მათ დროებით ან სამუდამოთ აეკრძალებათ პოლიტიკური თანამდებობების დაკავება, საჯარო სამსახურში დასაქმება, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებში მუშაობა, სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში მონაწილება.