„2023 წელს „ავერსის“ ყველაზე დიდი წარმატება ლოიალური მომხმარებლის ზრდა იყო“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ წლის შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ „ავერსს“ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასები და კარგი აქციები აქვს.
„2023 წლის მიღწევა და გამოწვევა არის ის, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ლოიალური მომხმარებელი შეიძინა „ავერსმა“. იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე კარგ აქციებს, შეთავაზებებს, პროექტებს და პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, რაც მათთვის სასარგებლო და სასიამოვნოა. ჩვენთან ყველაზე დაბალი ფასებია, როგორც მედიკამენტებზე, ისე თავის მოვლის საშუალებებზე“, – განაცხადა ლალი ბრეგვაძემ.
მისი თქმით, კომპანიისთვის წელი საკმაოდ კარგი იყო, რადგან ბევრი ფილიალი გახსნეს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და ბევრი ახალი პროდუქტი შემოიტანეს. სამომავლოდ კი ინოვაციების დანერგვას გააგრძელებენ, რადგან „ავერსი“ ამ მიმართულებით ლიდერია.
„ავერსი“ პირველი კომპანია იყო ფარმაცევტულ სექტორში, რომელმაც დანერგა სწრაფი მომსახურების აპარატი. ჩვენ სააფთიაქო ქსელში უკვე 153 ობიექტზე გვაქვს განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატები, სადაც მომხმარებელს შეუძლია პროდუქტი აიღოს, ფარმაცევტთან მისვლის გარეშე დაასკანეროს, გადაიხადოს როგორც ქეშით, ისე ბარათით და სასურველი პროდუქტი სწრაფად, მარტივად და ურიგოდ იყიდოს. ამას გარდა, რამდენიმე ობიექტზე შემოვიტანეთ ბავშვთა კუთხეები. აფთიაქი არის სივრცე, სადაც ბავშვებს არ უყვართ ხოლმე ყოფნა, თუმცა ამ ბოლო დროს პატარებს ჩვენი აფთიაქი ძალიან შევაყვარეთ და სთხოვენ მშობლებს, რომ აფთიაქში შემოიყვანონ, რადგან იქ გასართობი კუთხეებია,“ – განაცხადა ლალი ბრეგვაძემ.
რაც შეეხება გეგმებს, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 2024-ში ტექნოლოგიების მიმართულებით „ავერსში“ ბევრი სიახლე იქნება და მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ახალი ფილიალების გახსნას და პროდუქციის გაფართოებას გააგრძელებენ.
