მიმდინარე წელს თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიზნით სახელმწიფო 600 ათას ლარს დახარჯავს.
მის შესახებ 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის მიზანია თამბაქოსთვის თავის დანებების სერვისის გაძლიერება და ხელშეწყობა, თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების მექანიზმის დახვეწა.
ამ მიზნების მისაღწევად დაგეგმილი თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დანერგვის ობსერვაცია, რაც მოიცავს იმ სამიზნე დაწესებულებების (ტერიტორიის) დათვალიერებას (თამბაქოს ნამწვის, ფერფლის, მწეველობის პროცესის ან კვამლის აღმოჩენის მიზნით), სადაც კანონის შესაბამისად აკრძალულია მოწევა (მინიმუმ 4000 დაწესებულება). აქედან 100 დაწესებულებაში მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე მოხდება მეორადი კვამლის გაზომვა (მცირე ნაწილაკების გაზომვის ჰაერის მონიტორის საშუალებით), დარღვევის შემთხვევაში ინფორმაციის შესაბამისი უწყებისათვის მიწოდება რეაგირების მიზნით;
პროგრამის თანახმად, მოხდება თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის ქსელის მონიტორინგი. ეს გულისხმობს 3000 სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის, აგრეთვე თამბაქოს რეკლამის და პოპულარიზაციის მონიტორინგს კითხვარის დახმარებით, ასევე უკანონო ვაჭრობის მონიტორინგს.
ასევე მოხდება მოწევის აკრძალვის მონიტორინგი ტრანსპორტში (საქალაქო და საქალაქთაშორისო, მათ შორისაა რკინიგზა). დარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია შესაბამის უწყებებს გადაეცემა.
ასევე იგეგმება რეკლამის მონიტორინგი ტელევიზიაში, რადიოში, ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტში, ასევე ქუჩებში.
წყარო: jandacva.ge
