სადაზღვევო ბაზარი იზრდება, თუმცა არა ახალი სადაზღვევო პოლისების ხარჯზე. ინდუსტრიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პირველი კვარტალის მსგავსად მეორე კვარტალშიც ბაზრის ზრდას სადაზღვევო პოლისებზე გაზრდილი ფასი განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სერვისების ინფლაციის გავლენით, წლის პირველ ნახევარში სადაზღვევო პროდუქტებზე ფასი საშუალოდ 15%-ით არის გაზრდილი. ფასი გაიზარდა არამხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევაზე, არამედ გაძვირებულია ავტოდაზღვევაც.
“ალდაგის” გენერალური დირექტორის განცხადებით, გაზრდილია სამედიცინო სერვისების უტილიზაციაც, ანუ მოხმარება, რაც სადაზღვევო პროდუქტებზე ფასის მხრივ დამატებით წნეხს ქმნის.
„პირველი 6 თვე საკმაოდ მძიმე იყო ინდუსტრიისთვის წინა 6 თვესთან შედარებით, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ზრდა ძირითადად დამოკიდებული არის ახლადაზღვეულებზე. ზრდა ზოგადად 30%-ია ინდუსტრიაში საცალო გაყიდვების მიმართულებით, მაგრამ უმეტესი მოდის ფასების ზრდის ხარჯზე. მძიმე ვიგულისხმე იმის ხარჯზე, რომ რეალურად სადაზღვევო პროდუქტებზე გაიზარდა ფასი და ზრდა რაც რეალურად დავინახეთ არის განპირობებული ძირითადად ტარიფების ზრდით, რაც რეალურად ქვეყანაში მიუთითებს იმას, რომ სადაზღვევო პრემიები იზრდება.
“მძიმეში” ვიგულისხმე ასევე ზარალიანობაც. ჩვენ საკმაოდ რთული 6 თვე გვქონდა ჯანმრთელობის დაზღვევაში ინდუსტრიაში. ჯანმრთელობის გამოყენების უტილიზაცია არის გაზრდილი და სამედიცინო დაზღვევაზე ფასების ზრდაც რეალურად ხელშესახებია. ვფიქრობ, დაახლოებით 20%-ის ფარგლებში იქნება წლის ბოლოს ფასების ზრდა ჯანმრთელობის და 15-20% ავტოდაზღვევის მიმართულებით,“-აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.
რა შედეგებით დახურა წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო ინდუსტრიამ, ოფიციალურ მაჩვენებლებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური სავარაუდოდ, აგვისტოში გამოაქვეყნებს. მხოლოდ პირველ კვარტალში საქართველოს სადაზღვევო ბაზრის შემოსავლები, ანუ კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემია წინა წელთან შედარებით 55 მილიონი ლარით, გაიზარდა და 453 მილიონ ლარს მიაღწია. 1 მილიონით მეტი ანუ 26 მილიონი ლარის ტოლი იყო წმინდა მოგება. მოზიდული პრემიის მიხედვით ბაზარს ძირითადად “ჯიპიაი ჰოლდინგი”, “თიბისი დაზღვევა” და “იმედი L” ინაწილებენ.
