“მცემა და როდესაც ნახა, რომ მოძრაობის თავი არ მქონდა, დაქირავებულ ბინაში გამომკეტა” – ხათუნა მიქაცაძე უმძიმეს ისტორიებს იხსენებს
მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ბრალის წარდგენას იზოლატორში ელის. ის 27 ივლისს, ქობულეთში, ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს. 53 წლის ელდარ (ლუკა) კურტანიძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ, ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა.
რადიო თავისუფლება ხათუნა მიქაცაძის კომენტარს აქვეყნებს.
„გუშინ ორჯერ დავკარგე გონება. ექსპერტმა მითხრა, რომ შესაძლოა, ეს იყოს ემოციური ფონი ან მაღალი წნევის შედეგი, თუმცა, მითხრა, რომ დამატებითი კონსულტაცია ნევროლოგთან უნდა გავიარო“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე, რომელსაც კიდევ ერთი საზრუნავი აქვს – როდესაც 27 ივლისს მომხდარის შესახებ მისმა არასრულწლოვანმა შვილმა შეიტყო, მოზარდი შეუძლოდ გახდა: „დედაჩემმა მითხრა, კინაღამ ხელებში ჩამაკვდაო, მასთან მივდივარ, ჯერ ის უნდა დავამშვიდო“.
სახლი, სადაც 27 ივლისს, ძალადობა მოხდა, ხათუნა მიქაცაძე ამბობს, რომ 2020 წლამდე მისი საკუთრება იყო. თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, 2020 წელს, მუქარის შემდეგ, იძულებული გახდა, სახლის ნახევარი ლუკა კურტანიძისთვის გადაეფორმებინა.
უკვე მოგვიანებით, ლუკა კურტანიძემ სახლის საკუთარი წილი ამჟამინდელი მეუღლის სახელზე გადააფორმა.
მოჭიდავეს ამ სახლში არათუ ყოფნა, არამედ სახლთან მიახლოებაც კი აკრძალული აქვს. მის წინააღმდეგ სასამართლომ 2025 წლის 4 მარტს 9-თვიანი დამცავი ორდერი მას შემდეგ გამოსცა, რაც ხათუნა მიქაცაძემ პოლიციას მიმართა და მორიგი მუქარისა და ძალადობის შესახებ შეატყობინა.
როდესაც ქობულეთში ჩასულმა ხათუნა მიქაცაძემ სახლის ჭიშკართან ლუკა კურტანიძის ავტომობილი დაინახა, საპატრულო ეკიპაჟი გამოიძახა:
„გუშინდელი ჩემი ნაბიჯი იყო სასოწარკვეთისა და იმის გააზრების შედეგი, რომ ვიყავი სრულიად დაუცველი, რომ ამ ადამიანს ვიღაც ხელს აფარებდა, რომ ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლე საფრთხეში იყო, რომ ეს ადამიანი სასამართლო გადაწყვეტილებებსაც კი არ ემორჩილებოდა.
გულწრფელად რომ გითხრათ, არანაირი სურვილი არ მქონდა, რომ კამერა ჩამერთო, მაგრამ როდესაც საპატრულო ეკიპაჟს ვუთხარი, რომ ის ჩემს კუთვნილ სახლში იმყოფებოდა, დარღვეული ჰქონდა დამცავი ორდერი და პოლიციამ მითხრა, რომ ჩემი იდენტიფიცირების მოსახდენად უნდა გავყოლოდი მათ, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ჩამეწერა, მაგრამ ეს ადამიანი საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებითაც თუ იძალადებდა, ამის მოლოდინი მაინც არ მქონდა“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე.
ქალი ჰყვება, რომ ლუკა კურტანიძე წლების განმავლობაში ძალადობდა მასზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, თუმცა ამაზე საჯაროდ ვერ საუბრობდა.
2019-2025 წლებში, ყოფილ დეპუტატს ოთხი შემაკავებელი და ერთი დამცავი ორდერი გამოუწერეს, თუმცა, ქალი ამბობს, რომ სასტიკი ძალადობის მსხვერპლი სხვა დროსაც ბევრჯერ გამხდარა. ეს ძალადობა კი დაქორწინებიდან მალევე, 2014 წლიდან დაიწყო.
„ვერაფრით მივცემ ახლა თავს იმის უფლებას, რომ გავიმეორო, რას მიკეთებდა, როგორ მომმართავდა და რა სიტყვებით მემუქრებოდა. ვერ ვილაპარაკებ, იმდენად მძიმე ძალადობის ფაქტები იყო… ისევ შვილების გამო, ამ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ“…
თუმცა, მიუხედავად ამისა, ხათუნა მიქაცაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას იხსენებს 2016 წელს მომხდარს, როდესაც მაშინ პარლამენტარმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, ცოლზე სასტიკად იძალადა და შემდეგ, ქუთაისში, დაქირავებულ ბინაში ჩაკეტა:
„სხვაგან მცემა და შემდეგ, როდესაც ნახა, რომ მოძრაობის თავი არ მქონდა, იძულებით ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა ქუთაისში, იმ წლებში სწორედ ქუთაისში მუშაობდა პარლამენტი. დეპუტატებს იქ ჰქონდათ დაქირავებული ბინები.
როგორც კი შევედით სახლში მითხრა, რომ სესიაზე იყო წასასვლელი. ჩავიდა, მაწონი ამომიტანა, რადგან სხვას ვერაფერს შევჭამდი, დანგრეული მქონდა სახე, ზურგი, მკლავები. გავიდა და გარედან ჩამკეტა. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდა, მოიტანა ისევ მაწონი და მერე ისევ პარლამენტში გაბრუნდა, კარი ისევ ჩამიკეტა.
მივხვდი, რომ იქიდან უნდა გავქცეულიყავი. გავედი აივანზე და მეზობელთან, რომელთანაც კედელი მყოფდა, დახმარება ვთხოვე. თუმცა, სიმართლე ვერ გავუმხილე, ვუთხარი, რომ შემთხვევით ჩამეკეტა კარი და აუცილებლად გასასვლელი ვიყავი. ხანდაზმული ქალი იყო, მას ახლდნენ ახალგაზრდა ქალებიც. ყველამ ნახა, რა მდგომარეობაშიც ვიყავი.
მათი დახმარებით გადავედი აივნიდან, ქალი მიმეორებდა, რომ გადავარდე, მოკვდები, რომ გადავარდე, მოკვდები, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ სახლი დროზე დამეტოვებინა, რა უფრო საშიში იყო, სახლში დარჩენა თუ აივნიდან გაქცევა, ამას ვეღარ ვხვდებოდი. ერთი რამ ვიცოდი, უნდა გავქცეულიყავი, თავი გადამერჩინა. სახლის ტანსაცმლით გამოვიქეცი, გავაჩერე ტაქსი და წამოვედი თბილისში“, – უყვება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე.
ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ ქმარი ბოდიშებს უხდიდა, ყოფილ ცოლებს აბრალებდა, რომ თითქოს „ხასიათი მათ გაუფუჭეს“.
ხათუნა მიქაცაძის სასამართლო წარმომადგენელი, თამარ ნებიერიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქალზე ძალადობის ფაქტების შესახებ ბოლო 6 წლის განმავლობაში იცოდნენ თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა, სამართალდამცავებმა, რომლებიც ლუკა კურტანიძის მიმართ მხოლოდ შემაკავებელ ორდერებს წერდნენ და გამოძიება არასდროს იწყებოდა სისხლის სამართლის მუხლით:
„შსს ყოველ ჯერზე არწმუნებდა ქალს, რომ აი, ლუკა კურტანიძეა, ნუ დავუნგრევთ ცხოვრებას, მოდი, მივცეთ ამას ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაცია. ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლებრივ დევნას არ იწყებდნენ. გამოწერდნენ შემაკავებელ, ერთთვიან ორდერს და ამით ასრულებდნენ.
2025 წელს კი, მას შემდეგ, რაც მუქარა წამოვიდა უკვე მისი შვილის მიმართ, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ქალმა, რომ მიემართა შესაბამისი ორგანოსთვის, რადგან ძალადობის მუქარა უკვე ეხებოდა არა პირადად მას, არამედ მის შვილს და სასამართლომ უკვე გამოსცა ცხრათვიანი დამცავი ორდერი. პოლიცია ხათუნა მიქაცაძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმირებული იყო. მისი არაერთი განცხადება არსებობს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ ნებიერიძე.
ხათუნა მიქაცაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ყოფილი ქმრის ეშინოდა. ჰქონდა განცდა, რომ მისი „ძალაუფლების“ წინაშე ის დაუცველი იყო. ამბობს, რომ ამ განცდას უმყარებდა ლუკა კურტანიძის სხვების მიმართ ჩადენილი ძალადობაც:
„იყენებდა თავის ძალაუფლებას. ჯერ „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო, მერე პოლიციის აკადემიის პრორექტორი, მაჯერებდა, რომ მე მის წინააღმდეგ მაინც ვერაფერს გავხდებოდი.
მქონდა საშინელი დაუცველობის განცდა, რადგან მისი ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ ისედაც ვიცოდი, მაგალითად, როდესაც იძალადა ყაზარაშვილზე (თემურ ყაზარაშვილი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი – რ.თ.), როდესაც ერთ-ერთ მოჭიდავეს იარაღი დაადო შუბლზე და კამერების ჩანაწერები ჭიდაობის ფედერაციიდან გაქრა.
მე ვერ ვისაუბრებ მისი ყოფილი პარტნიორებისა თუ ცოლების პირად ცხოვრებაზე, მაგრამ მათ ვერასდროს დაამტკიცეს მათზე ძალადობის ფაქტები, მათ შორის, ბავშვზე ძალადობის ფაქტი.
უკვე მოგვიანებით დაიწყო მუქარა ჩემი შვილის სიცოცხლით. მიაჩნდა, რომ მე მისგან საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად კი არ წამოვედი, არამედ ჩემი შვილის გამო წამოვედი და ჩემი შვილი ვამჯობინე მას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ხათუნა მიქაცაძე და განაგრძობს:
„ვადასტურებ, რომ ამ ადამიანმა უკანონოდ შემიზღუდა თავისუფლება, ვადასტურებ, რომ ჩემზე სასტიკად ძალადობდა ფიზიკურად, ვადასტურებ, რომ მეც და ჩემს შვილებსაც გვემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ვადასტურებ, რომ 2020 წელს იარაღი დამადო შუბლზე და ეს მოხდა ერთ-ერთი დედაოს თვალწინ, რომელიც ალბათ იმიტომ, რომ სასულიერო პირია, ჩვენებას ვერ მისცემს. მემუქრებოდა, რომ ჯერ შვილს მომიკლავდა და შემდეგ „ჩამაძაღლებდა“ მეც“.
ცოლთან დაშორების შემდეგ, ლუკა კურტანიძე არაერთი ტოკ-შოუსა და ტაბლოიდური პრესის ფურცლებზე საუბროდა ყოფილი ცოლის მიმართ განსაკუთრებული გრძნობების შესახებ და ამბობდა, რომ ქალი მისი “ერთადერთი სიყვარული იყო”.
ხათუნა მიქაცაძე არ არის ლუკა კურტანიძის ერთადერთი ყოფილი ცოლი თუ პარტნიორი ქალი, რომელზეც მან, სავარაუდოდ, იძალადა.
2023 წელს ტელეკომპანია TV პირველის საგამოძიებო ჯგუფმა მოამზადა ვრცელი სიუჟეტი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების შესახებ, რომელიც ორსული ქალის გაუპატიურებას, ცემას და იძულებას ეხებოდა.
ლუკა კურტანიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელიც პროკურატურამ მაშინ დაზარალებულად ცნო, პოლიციისათვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებდა, რომ 2021 წელს ის ყოფილმა დეპუტატმა გააუპატიურა და სცემა. გამოძიებაც სწორედ გაუპატიურებისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.
თუმცა, გამოძიების დაწყებიდან ორი წლის თავზე, 2023 წელს, როგორც პროკურორი მარი მეშველიანი ეუბნებოდა გამომძიებელ ჟურნალისტს, ლუკა კურტანიძე ბრალდებულად ჯერ არ იყო ცნობილი და გამოძიება ისევ ელოდა სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნას. თავად დაზარალებულმა ქალმა ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე უარი თქვა.
