ევროკავშირის ლიდერების და პოლიტიკოსების მხრიდან განსხვავებული რეაქცია მოჰყვა ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 27 ივლისს, დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში იქნა მიღწეული ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის.
ევროკავშირის წარმომადგენელთა უმრავლესობა აცხადებს, რომ შეთანხმებას მხარს უჭერს – იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირს მოუწია დათანხმებოდა ამერიკის ადმინისტრაციის ბევრ მოთხოვნას, და ამავე დროს არ მოხერხდა თავის არიდება იმპორტზე 15 პროცენტიანი გადასახადის დაწესებისთვის. პოლიტიკოსების ნაწილი კი იმედგაცრუებას გამოხატავს, ან პირდაპირ აკრიტიკებს შეთანხმებას – რომელსაც ტრამპის წინაშე კაპიტულაციად მიიჩნევს.
შეთანხმების მიმართ ფრთხილი მხარდაჭერა გამოთქვეს ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკის, გერმანიის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, 15-პროცენტიანი გადასახადი მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე 30 პროცენტი – რომლის დაწესებითაც ტრამპი იმუქრებოდა შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში. ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია საავტომობილო მრეწველობისთვის. კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ შეთანხმებამ “სავაჭრო ომის” თავიდან აცილება გახადა შესაძლებელი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ამბობს, რომ მხარს უჭერს შეთანხმებას – თუმცა “ენთუზიაზმის გარეშე”. მსგავსი შეფასება გამოთქვეს ფინეთის, შვედეთისა და იტალიის წარმომადგენლებმა.
ბევრად უფრო კრიტიკული იყო საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ. შეთანხმების მიღწევის დღეს მან “სევდიანი” უწოდა და თქვა, რომ “თავისუფალი ადამიანების კავშირი, რომელიც შეიქმნა საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად, შეურიგდა დაქვემდებარებას”.
ყველაზე რადიკალური უარყოფითი შეფასება გამოთქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა – რომელიც ევროკავშირის ხელმძღვანელობის კრიტიკით და ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერითაა ცნობილი. “დონალდ ტრამპმა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე მიირთვა” – თქვა მან.
ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ ტრამპმა მათ შორის განაცხადა, რომ ევროკავშირი დათანხმდა აშშ-სგან ენერგორესურსების შესყიდვას 750 მილიარდი დოლარის მოცულობით, აშშ-ის ეკონომიკაში კიდევ 600 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას, ასევე აშშ-სგან იარაღის შესყიდვას.
ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა შეთანხმების მიღწევა და აღნიშნა, რომ მისი დეტალები მომავალ კვირებში დაზუსტდება. ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, 15-პროცენტიანი გადასახადი შეეხება იმპორტირებული საქონლის უდიდეს ნაწილს – თუმცა გარკვეულ სახეობებზე, კერძოდ სოფლის მეურნეობის მრეწველობის პროდუქციაზე, ორივე მხრიდან ტარიფი ნული იქნება.
1 აგვისტოს იწურება სავაჭრო ხელშეკრულებების მიღწევისთვის ტრამპის მიერ დაწესებული ბოლო ვადა. იმ ქვეყნებსა და გაერთიანებებს, რომლებიც ამ დრომდე ვაშინგტონთან შეთანხმებას ვერ შეძლებენ, მაღალი საიმპორტო ტარიფები დაუწესდება. ბოლო დრომდე ეს ევროკავშირსაც ეხებოდა.
