ქართულ კომერციულ ბანკებში 2.026 მილიარდზე მეტი რუსული რუბლი ინახება – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის ივნისი მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 69.022 მილიონ ლარს შეადგენდა. (დღევანდელი კურსით 2.026 მლრდ რუბლი).
აღსანიშნავია, რომ რუბლის დეპოზიტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით არის გაზრდილი, სებ-ის სტატისტიკით, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით ბანკებში 64.447 მლნ ლარის მოცულობის რუბლის ანაბრები ინახებოდა.
რაც შეეხება სხვა მეზობელი ქვეყნების ვალუტებს, მონაცემები ასე გამოიყურება:
· თურქული ლირა – 1 329 104 ლარი (დღევანდელი კურსით 19.9 მლნ ლირა)
· აზერბაიჯანული მანათი – 87 939 ლარი (დღევანდელი კურსით 55.2 ათასი მანათი)
· სომხური დრამი – 104 995 ლარი (დღევანდელი კურსით 14.87 მლნ სომხური დრამი)
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით ბანკებში განთავსებულ ანაბრებზე ყველაზე დიდი წილი აშშ დოლარზე მოდის. კერძოდ, ივნისის მდგომარეობით ქართულ ბანკებში დოლარში 23.829 მლრდ ლარის დეპოზიტები ინახება, ევროში კი 5.846 მლრდ ლარის მოცულობის. მთლიანად კი საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის ივნისის ბოლოსათვის 60.77 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.85 მილიარდი ლარით, 3.15%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3%-ით მეტი). საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.57% შეადგინა.
