რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი აცხადებს, რომ „არალეგალური საწარმოები ხშირ შემთხვევაში არაჰიგიენურ პირობებში აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს“. რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ფიქსირდება ფალსიფიცირების შემთხვევებიც.
„ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო ის ფაქტი, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკეთებს. ის ქმედებები, რომელსაც ახორციელებს უფრო ადრე და ინტენსიურად იყო დასაწყები. ჩვენი ასოციაცია სექტორში მომუშავე ლეგალური კომპანიები და მომხმარებლები, ყოველთვის იმაზე ვსაუბრობდით არალეგალურ საწარმოებზე, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არაჰიგიენურ პირობებში აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს და ზოგჯერ ფალსიფიცირებულ რძის პროდუქტებსაც კი, ეს დიდ საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ არაჰიგიენურ პირობებში დამზადებული ყველი, ისევე როგორც სხვა რძემჟავა პროდუქტები, ძალიან დიდი რისკის შემცველია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის.“- აცხადებს კახა კონიაშვილი.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ არალეგალური საწარმოები გადასახადებს არ იხდიან, რაც ბიუჯეტს მნიშვნელოვან შემოსავლებს აკარგვინებს. მისივე თქმით, ასეთი საწარმოები პროდუქციას დაბალ ფასში ყიდიან, რაც ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას ქმნის.
,,ასეთი საწარმოები არ იხდიდნენ არანაირ გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში და სახელმწიფო საკმაოდ დიდ შემოსავლებს კარგავდა. ეს კომპანიები ძალიან დაბალ ფასში ყიდდნენ პროდუქციას და არასამართლიან კონკურენციასთან გვქონდა დიდი პრობლემა – ლეგალური საწარმოები რჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, მით უმეტეს, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობიდან გამომდინარე. როდესაც ასეთი არაკეთილსინდისიერი კონკურენცია არის ბაზარზე, ინვესტორი რომელიც დაინტერესებულია, რომ ამ მიმართულებით თანხები ჩადოს, თავს იკავებს იმიტომ რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში ის ვერ ხედავს განვითარების შესაძლებლობებს.“- აცხადებს კახა კონიაშვილი.
რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არალეგალურ კომპანიებს უბიძგებს, ბიზნეს საქმიანობა ლეგალურ ჩარჩოებში მოაქციონ. ბოლო კვირების განმავლობაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე არალეგალური რძის გადამმუშავებელი საწარმო გამოავლინა. სეს-მა აღნიშნული საწარმოები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა.
