ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო სექტორის ადგილობრივ აქტივისტებს შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. ე.წ. ოპოზიცია “პრეზიდენტ” ასლან ბჟანიას გარემოცვაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ამ მიზნით მოსკოვში უკვე გაგზავნილია რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზების სიები. “ხელისუფლება” ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. მედიის ინფორმაციით, საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბიჭვინთის აგარაკები საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთს გადაუფრომა და ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
“აფხაზური პასპორტი” საერთაშორისოდ აღიარებული არ არის. შესაბამისად, ამ “დოკუმენტით”, რუსეთის ფედერაციის გარდა სადმე წასვლა შეუძლებელია, ამიტომ აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობა ერთადერთი გამოსავალია მსოფლიოში გადასაადგილებლად. აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს სწორედ რუსული პასპორტი აქვს. მისი დაკარგვა კი ნიშნავს, რომ ისინი მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ.
ოპოზიციური ტელეგრამ არხი Respublika ირწმუნება, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს “აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო” და “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური” ამუშავებენ და პროცესს “პრეზიდენტი” პირადად აკონტროლებს.