ევროპელი ტურისტების დაინტერესების ფონზე, ზანზიბარში მოთხოვნა გაორმაგდა – ქართული Seashore Villa

ზანზიბარში მოქმედმა 4 ვარსკვლავიანმა ბუტიკურმა სასტუმრომ Seashore Villa ზღვისპირას ორ სართულიანი ეკობუნგალოები დაამატა.
როგორც სასტუმროს მფლობელი, თიკო ჭუბაბრია BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ჰყვება, ეს ნაბიჯი გაორმაგებული მოთხოვნის პასუხად გადაიდგა.
მისი განმარტებით, პირველ წლებში Seashore Villa მხოლოდ 8 ნომერს აერთიანებდა და დაახლოებით 20-მდე სტუმარს იღებდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტურისტების რაოდენობის ზრდამ და სასტუმროზე გაზრდილმა ცნობადობამ საჭირო გახადა დამატებითი სივრცის შექმნა, სადაც რომელიც სხვა სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი. სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა ორ სართულიანი, ხის ეკობუნგალოების აშენების, რომლებიც სასტუმროს სტუმრებს ბუნებასთან ახლოს დასვენების საშუალებას აძლევს.
„ახლა უკვე ორი ეკობუნგალო გვაქვს სანაპიროს წინ, თითოეულში დაახლოებით 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და ჯამში ჩვენი ტევადობა 30-მდე გაიზარდა“, – ამბობს თიკო ჭუბაბრია.
რაც შეეხება თავად სასტუმროს, ბუტიკური სასტუმროს ნომრები გათვლილია როგორც წყვილებზე, ისე ოჯახებზე. არსებობს სტანდარტული ორადგილიანი ოთახები და საოჯახო ნომრები, სადაც 3-4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
თიკო ჭუბაბრიას განმარტებით, გარდა განთავსების სერვისისა, ტურისტული ობიექტი სრულფასოვან დასვენებას უზრუნველყოფს. სასტუმროს მფლობელის თქმით, სტუმრებს სთავაზობენ ყველაფერს, რაც შეიძლება ზანზიბარში დასჭირდეთ — დაწყებული აეროპორტიდან ტრანსფერით, დამთავრებული ადგილობრივი ექსკურსიებით, კვებითა და ტანზანიაში საფარის ტურებით.
„ევროპიდან ბევრი სტუმარი გვყავს – იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. საქართველოში აქტიური მარკეტინგული კამპანიები არ განგვიხორციელებია, რადგან პატარა სასტუმრო ვართ და ინდივიდუალური ჯავშნებით ობიექტი მალე ივსება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ტურისტული არ ვართ, ქართველებისთვის ფრენებსაც ვაორგანიზებთ. როცა სტუმარი ჩამოდის, ხვდება ტრანსფერი, ვაბინავებთ სასტუმროში, ვთავაზობთ ორჯერად კვებას, ვგეგმავთ ტურებს და აქტივობებს“, – ამბობს ჭუბაბრია.
მისი თქმით, ზანზიბარში ტურისტული სეზონი ძირითადად ზაფხულზე – ივლისიდან სექტემბრამდეა აქტიური, თუმცა Seashore Villa წელიწადის ყველა დროს მუშაობს და სხვა სეზონებშიც საკმაოდ პოპულარულია.
რაც შეეხება ხარჯებს – სასტუმროში დასვენება, ფრენასთან, ტრანსფერებთან ერთად, ორჯერადი კვებით, დაახლოებით $1400 ჯდება. ეკობუნგალოს ღირებულება კი ღამეში დაახლოებით $250–300-ს შეადგენს. ამასთან, 10-დღიანი საექსკურსიო პაკეტის ღირებულება დაახლოებით $400-ია, ხოლო ტანზანიაში ერთდღიანი საფარის ღირებულება – $390.