ცხინვალიდან ორჯერ ცოცხალი გამოვიდა და მის განკარგულებაში მყოფი ბიჭებიც გამოუყვანია ალმოდებული ქალაქიდან. თავად მხარში იყო დაჭრილი, თუმცა მესამედაც შებრუნდა ქალაქში განსაცდელში მყოფი თანამებრძოლების დასახმარებლად. ბიჭებს უთქვამთ, სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო… რაზეც ზაზას უპასუხია, ვინც იქიდან უნდა გამოვიყვანო, მათ ჯერ არც ცოლები ჰყავთ და არც შვილებიო.
ცხინვალში შებრუნებულს მეორე ტყვია ხელში მოხვდა, თუმცა უკან არ დაუხევია. მის წინ სნაიპერმა 7 ქართველი მოკლა. გამწარებულს სნაიპერი შორიდან დაუნახავს და მისკენ ისე წასულა, რომ ვერ შეემჩნიათ… სნაიპერმა ზაზა მართლა ვერ დაინახა, თუმცა მის უკან მიმავალ ქართველს ესროლა. სნაიპერის ტყვიამ ზაზა სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს, როცა დაჭრილი თანამემამულის გადასარჩენად უკან მიბრუნდა.
ვიცნობდეთ, ვამაყობდეთ და პატივს მივაგებდეთ ჩვენს თანაქალაქელ უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძეს, რომელიც გმირულად დაიღუპა აგვისტოს ომში.