სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (Insee) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 31 მაისამდე პერიოდში, საფრანგეთში გარდაცვალების 651 000 შემთხვევა და 650 000 ახალშობილის დაბადება დაფიქსირდა. „ასეთი ცვლილება Insee-ს მიერ 2035 წლისთვის იყო ნავარაუდევი. ასე რომ, „გრაფიკს“ ათი წლით ვუსწრებთ. ეს აჩვენებს, თუ რამდენად ხლშესახები გახდა შობადობის შემცირება“, – აღნიშნავს დემოგრაფი ჟულიენ დაიმონი.
სააგენტო „რადიო ფრანსის“ მიერ ოთხშაბათს, 23 ივლისს გავრცელებული Insee-ს მონაცემების თანახმად, საფრანგეთში გარდაცვალებების რაოდენობამ შობადობის რაოდენობას 1945 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა. მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 31 მაისამდე, 651 000 გარდაცვალება და 650 000 დაბადება დაფიქსირდა. ამრიგად, პირველად ბოლო 80 წლის განმავლობაში, დემოგრაფიული ბალანსი 1000 ადამიანით შემცირდა.
„უარყოფით ბალანსზე გადასვლა მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან დემოგრაფიული ცვლილებების დაჩქარება მოხდა“,- განუცხადა სააგენტო „რადიო ფრანსს“ დემოგრაფმა და საოჯახო შემწეობების ეროვნული ფონდის (Caisse Nationale des Allocations Familiales) კვლევების ყოფილმა დირექტორმა, ჟულიენ დაიმონმა. Insee ვარაუდობდა, რომ ეს ცვლილება 2035 წელს მოხდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფრანგეთმა „გრაფიკს“ ათი წლით გაასწრო. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს შობადობის ვარდნა ქვეყანაში. საფრანგეთში, უკვე რამდენიმე წელია, სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს. „სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ამიერიდან ეს ეხება მთლიანად საფრანგეთს, მათ შორის ზღვისიქითა ტერიტორიებს“, – ამბობს ჟულიენ დაიმონი.
იძლევა თუ არა ასეთი უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსი შეშფოთების მიზეზს? „დიახ“, – პასუხობს დემოგრაფი, რომელიც შენიშნავს, რომ „ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა დიდი ხანია ამ სიტუაციაშია“. „საფრანგეთი დემოგრაფიულ რეჟიმს იცვლის“, – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ „ამით შეიძლება თანდათან ჩვენი ყველა სოციალური ბალანსის გაუარესება მოხდეს“. Insee-ის მონაცემებით, ქალები პირველ შვილს, საშუალოდ, 29 წლის ასაკში აჩენენ, რაც ხუთი წლით გვიან ხდება, ვიდრე ეს 1974 წელს იყო. გვიან მშობიარობის ტენდენცია საფრანგეთსა და ევროკავშირში 1970-იანი წლების ბოლოდან შეინიშნება. „შობადობის კლება უწყვეტი პროცესია, რომელიც განსაკუთრებით 2022 წლიდან გაძლიერდა. ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ 30 000 ახალშობილს ვკარგავთ“, – განუცხადა შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრმა, კატრინ ვოტრენმა ივნისის დასაწყისში Femme actuelle-ს. „საკითხი არ ეხება იმას, მოხდება თუ არა ღრმა დემოგრაფიული ცვლილება, არამედ იმას, როდის მოხდება ის“, – დასძინა მან.
წყარო: 1 არხი
