ისრაელმა 27 ივლისს გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად 10 საათით შეაჩერებს სამხედრო ოპერაციებს ღაზის არეალებში და უფლებას დართავს საკვების დარიგების ახალი დერეფნების გაჩენას ომით გაჩანაგებულ ანკლავში – საიდანაც გავრცელებულმა მოშიმშილე პალესტინელების ფოტოებმა მსოფლიოში განგაში გამოიწვია.
ღაზაში მწვავე ჰუმანიტარული კატასტროფის გამო ისრაელი მზარდი საერთაშორისო კრიტიკის სამიზნეა – რომელსაც თავად უარყოფს. ისრაელსა და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს შორის დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე არაპირდაპირი მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე შეწყდა.
სამხედრო აქტივობა შეწყდება ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ალ-მავასიში – რომელიც ჰუმანიტარული არეალია სანაპიროს გასწვრივ, ასევე ცენტრალურ დეირ ალ-ბალაჰსა და ქალაქ ღაზაში, ჩრდილოეთით.
არმიის განცხადებით, 27 ივლისიდან ამოქმედდება უსაფრთხო გზები საკვების და მედიკამენტების გამანაწილებელი ტრანსპორტისთვის, დილის 6 საათიდან საღამოს 11 საათამდე.
გაეროს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, მისი თანამშრომლები გაძლიერებული ძალისხმევით შეუდგებიან მოშიმშილე მოსახლეობისთვის საკვების დარიგებას პაუზების დროს, გამოყოფილ ადგილებში.
“ადგილზე მყოფი ჩვენი გუნდები… ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ბევრ მოშიმშილე ადამიანს მივწვდეთ ამ გამოყოფილ დროში” – წერს ის პლატფორმაზე X.
ღაზის ცენტრში მდებარე ალ-ავდას და ალ-აქსას საავადმყოფოთა თანამშრომლები აცხადებენ, რომ 27 ივლისს ისრაელის მხრიდან გახსნილ ცეცხლს ჰუმანიტარული დახმარების მანქანების მოლოდინის დროს ემსხვერპლა სულ მცირე 17 ადამიანი, დაჭრილია 50 პირი. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ამ შემთხვევის თაობაზე კომენტარის თხოვნაზე ისრაელის არმიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ.
ბოლო კვირებში საკვების ნაკლებობის გამო ათობით პალესტინელი დაიღუპა ღაზაში – აცხადებს ჰამასის მიერ მართული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო.
ფორუმი
