ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე, ახლო ნათესავი და ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი „გაფლანგვის“ ბრალდებით დააკავეს.
დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვა – მისი ახლო ნათესავი, მისი ყოფილი მოადგილე და კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.
ბრალდება ეხება „დიდი რაოდენობით თანხის“ – 1 333 728 ლარის – გაფლანგვას. საუბარია თავდაცვის სამინისტროსათვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე.
რადიო თავისუფლებმა შეაჯამა, რა ვიცით ამ ეტაპზე დაკავებულებსა და ბრალდებაზე.
გიორგი ხაინდრავა – ყოფილი მოადგილე
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი არის ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე გიორგი (გოგა) ხაინდრავა.
ის 2022 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე იყო ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში.
მანამდე, 2019 წლის ნოემბრიდან მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე – ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო.
დეპარტამენტის უფროსობამდე იყო უფროსის მოადგილე, კიდევ უფრო ადრე, 2017-19 წლებში კი – ამავე დეპარტამენტში ელექტრონული შესყიდვების სამმართველოს უფროსი.
„ახლო ნათესავი“ – სავარაუდოდ, მხეიძე
დაკავებულია ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი – სუსი მის ვინაობას არ ასახელებს. მხოლოდ წერს ინიციალებს: „ვ.მ.“
ბრალდების თანახმად, ეს ადამიანი კერძო კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“ სახელმწიფო შესყიდვების კონკურსში, ხოლო შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად ასახელებდა „შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს“.
მედიაში გავრცელებული პირველადი ცნობებით, ეს არის ბურჭულაძის ცოლისძმა.
ბურჭულაძის მეუღლეა ნინო მხეიძე. მისი გვარის პირველი ასო ემთხვევა დაკავებული „ახლო ნათესავის“ გვარის პირველ ასოს.
ეს ინფორმაცია სასამართლოს დანიშვნისას საბოლოოდ გაირკვევა – როდესაც ბრალდებულები მოსამართლის წინაშე წარდგებიან.
კიდევ ერთი მაღალჩინოსანი – ვლადიმერ ღუდუშაური
ამასთან, დაკავებულია შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვლადიმერ ღუდუშაური.
ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის სამინისტროში 2019 წლიდან მუშაობდა.
მანამდე ის საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მსახურობდა.
2019-21 წლებში იყო სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2021-24 წლებში კი – დეპარტამენტის უფროსი.
გიორგი ხაინდრავა (მარცხნივ) და ვლადიმერ ღუდუშაური ხვდებიან ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებს. 2024 წლის 12 იანვარი
სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს ის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა.
ვლადიმერ ღუდუშაურის ძმა, ილია ღუდუშაური 2022 წლის იანვრიდან იყო ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე.
ზურაბ აზარაშვილმა, რომელიც 2021 წლიდან იყო მინისტრი, პოსტი 2024 წლის 1 მარტს დატოვა „ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ“.
აზარაშვილის გადადგომა ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ პირველი საკადრო ცვლილება იყო მთავრობაში.
ბრალდების დეტალები
ბრალდების დასახელება არის „გაფლანგვა“, რაც უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებს (ტენდერებს) – კერძოდ, სამედიცინო აპარატურის შესყიდვას.
საუბარია 1.3 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
ბრიფინგი ამ საკითხზე კვირას, 27 ივლისს ემზარ გაგნიძემ, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ჩაატარა.
ბრალდება ეხება 2023 წელს განვითარებულ მოვლენებს და 2023 წლის შესყიდვას.
მათ სუსი უწოდებს „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს“.
აცხადებს, რომ მათი ნაწილი „შესყიდვების კომისიის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებსაც იკავებდნენ“.
ბრალდებულებმა „სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი“ ისე წარმართეს, რომ
· „ბაზრის რეალური კვლევა, ფაქტობრივად, არ ჩაუტარებიათ“;
· იმავდროულად, მათ უზრუნველყვეს, რომ სამედიცინო აპარატურის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებში მონაწილეობა მხოლოდ ბურჭულაძის ახლო ნათესავთან „ახლო კავშირში მყოფ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოებს მიეღოთ“.
დააკავეს ექს-მინისტრ ბურჭულაძის მოადგილე და ნათესავი – 1.3 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით
„ფასი ხელოვნურად გაზარდეს“
ბრალდების თანახმად, შესასყიდი აპარატურის საფასური ხელოვნურად გაზარდეს:
სუსი აცხადებს, რომ შესყიდვის პროცესის ორგანიზება მოხდა ისე, რომ „კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა“.
„შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის შეძენა მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასში განახორციელა“, – აცხადებს სუსი.
„გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“
გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ახლო ნათესავი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“.
27 ივლისის განცხადებაში სუსი მიუთითებს იმასაც, რომ შესყიდვაში გამარჯვების გარანტიად ბურჭულაძის ახლო ნათესავი „შესაბამის თანამდებობის პირებთან თავის კავშირებს ასახელებდა“.
გამოძიების თანახმადვე, სახელმწიფოს ამ სქემით სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.
ჯუანშერ ბურჭულაძე
2023 წელს – სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს – თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იყო.
ის 2024 წლის 8 თებერვალს შეცვალა ირაკლი ჩიქოვანმა.
სამ დღეში, 11 თებერვალს ახალმა მინისტრმა ჩიქოვანმა მოადგილის პოსტიდან ხაინდრავაც დაითხოვა.
ჯუანშერ ბურჭულაძე 2021 წლიდან მუშაობდა მინისტრად.
ის ამ პოსტზე პრემიერად ახლად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.
მანამდე ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.
ოპოზიციური მედია 2024 წელს წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბურჭულაძე და ვლადიმერ ღუდუშაური სუსში გამოჰკითხეს.
ბრალდება და სასჯელი
სამივე დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ეს ნიშნავს 1) ჯგუფურად 2) დიდი რაოდენობის თანხის 3) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვას.
„კეთილსინდისიერება“
2025 წლის 27 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუნდის ახალი წევრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი „კეთილსინდისიერებაა“.
ამ განცხადებას წინ უსწრებდა 21 ივნისს სუსის მიერ „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავება.
რომეო მიქაუტაძის დაკავებიდან სამი დღის შემდეგ პოსტი დატოვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. კობახიძემ განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება დავითაშვილის პატიოსნებაში.
24 ივნისს სუსის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა ასევე პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ გაუგებარია, როგორ გამოეპარა მიქაუტაძის დანაშაული სუსს.
უწყების ყოფილი უფროსი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც აპრილის დასაწყისში გაათავისუფლეს პოსტიდან.
radiotavisupleba.ge
