საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების დაცვის მიზნით მიღებული წესი საპირისპირო, მათთვის საუარესო შედეგს იწვევდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების დაცვის მიზნით მიღებული წესი საპირისპირო, მათთვის საუარესო შედეგს იწვევდა
2025 წლის 25 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა ზესტაფონის რაიონული სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათი ცნობით, სადავო ნორმა ზღუდავდა, სასჯელის სახით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესაძლებლობას მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში, შშმ) პირისა და იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი. წარდგინებების ავტორების არგუმენტაციით, სადავო ნორმა ადგენდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის პირობებში, იდენტიფიცირებულ პირთა მიმართ, მოსამართლეს, რიგ შემთხვევაში, სასჯელის სახედ, მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა გააჩნდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმა ადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტებს შორის. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმში ექცეოდნენ, ერთი მხრივ, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ ბრალდებული/მსჯავრდადებული და ზომიერად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე ბრალდებული/მსჯავრდადებული, მეორე მხრივ კი, ბრალდებული/მსჯავრდადებული ქალი, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი და ბრალდებული/მსჯავრდადებული ქალი შვილის გარეშე ან 7 წელზე მეტი ასაკის შვილით ან/და კაცი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებთან მიმართებით, სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირების სამართლებრივი/სოციალური დაცვა, მათი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობის შენარჩუნება, რაც, შესაძლოა, დაეზიანებინა შრომითი საქმიანობის შესრულების პირობებში ფიზიკურ გარემოსთან თუ სხვა ფაქტორებთან პირის ურთიერთქმედებას. იმავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად დასახელებულ კოდექსში არსებული სასჯელების მრავალფეროვნებისა, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირისათვის სასჯელის დანიშვნისას, მოსამართლეს, სადავო ნორმის გათვალისწინებით, რიგი დანაშაულის შემთხვევაში, მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესაძლებლობა გააჩნდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე იმსჯელა იმაზე, რომ დაავადების სიმპტომატიკა პირს სხვადასხვა ხარისხით ართმევდა ამა თუ იმ სამუშაოს შესრულების უნარს. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმა მოსამართლეს ართმევდა შესაძლებლობას, იდენტიფიცირებული კატეგორიის პირთა მიმართ, საპატიმრო სასჯელის ნაცვლად, გამოეყენებინა არასაპატიმრო სასჯელი მაშინაც კი, როდესაც აღნიშნული სასჯელის სახე ადეკვატური, თანაზომიერი და პროპორციული იყო განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისა.
აღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების დაცვის მიზნით მიღებული წესი საპირისპირო, მათთვის საუარესო შედეგს იწვევდა, რის გამოც, პირთა დიფერენცირებას არ გააჩნდა რაციონალური კავშირი შშმ პირთა დაცვის მიზნის რეალურად მიღწევასთან, არ ექვემდებარებოდა გამართლებას.
იმ ქალებთან მიმართებით, რომლებსაც 7 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად მიიჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრებით, დასახელებული პირთა კატეგორიის შვილებთან განშორების, მათზე ზრუნვის პროცესში მონაწილეობის შეფერხების პრევენცია, რაც, იმავდროულად, მიმართული იყო ბავშვის ნორმალური განვითარების უზრუნველყოფისაკენ.
მოცემულ შემთხვევაშიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულის ჩადენისას, სადავო ნორმის საფუძველზე, სასჯელის სახით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შეუძლებლობის გამო, მოსამართლეს ერთადერთ ალტერნატივად თავისუფლების აღკვეთის შეფარდება რჩებოდა. თავის მხრივ, პირის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება, გამორიცხავდა ჯეროვან კომუნიკაციას ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან და გარე სამყაროსთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა წარმოადგენდა გადაწყვეტილების მსჯავრდადებულის საუარესოდ მიღების საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, სადავო ნორმას არ გააჩნდა რაციონალური კავშირი იმ მიზანთან, რომლის უზრუნველყოფისთვისაც იგი იყო მიღებული.
აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი, აგრეთვე საამისოდ შრომისუნარიანი მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.