სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა ისევ 15 დღიანი პატიმრობით ისჯება
2025 წლის 25 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №684 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სადავო წესის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის, დადგენილ ვადაში, გადაუხდელობა მიიჩნეოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და იწვევდა ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ისევე, როგორც იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული იყო, რომ გასაჩივრებული ნორმები, პრაქტიკაში მიემართებოდა მხოლოდ გადახდისუუნარო პირებს, რომელთაც არ შეეძლოთ შეფარდებული ჯარიმის გადახდა. ამდენად, წარდგინების ავტორის პოზიციით, სადავო რეგულაციები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა მძიმე მატერიალურ/ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტებს, გადახდისუნარიან პირებთან მიმართებით, რომელთაც შეეძლოთ გადაეხადათ დაკისრებული ჯარიმა და თავი აერიდებინათ ადმინისტრაციული სახდელებისგან.
„საკონსტიტუციო სასამართლომ არსებული კანონმდებლობისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმების მოქმედება ვერ გავრცელდებოდა გადახდისუუნარო პირებზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ, როდესაც პირს, მძიმე მატერიალური/ფინანსური მდგომარეობის გამო, ობიექტურად არ შეუძლია გადაიხადოს მისთვის შეფარდებული ჯარიმის თანხა, გამოირიცხება მისი ბრალეულობა. თავის მხრივ, ბრალის გამორიცხვის პირობებში, არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ დაადასტურა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის არაკონსტიტუციურობა.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
