რუსეთში შეიქმნა „დემოგრაფიული დანაყოფი”, რომელიც ქვეყანაში შობადობის შემცირების პრობლემებზე იმუშავებს.
ამ ინიციატივის თაობაზე საზოგადოებას ფედერაციის საბჭოს ზედა პალატის თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ აცნობა.
„შეიქმნა სპეციალური დემოგრაფიული სამუშაო ჯგუფი. შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს დავუბრუნდებით“, – თქვა მან.
რუსეთში დემოგრაფიული კრიზისია. მიუხედავად დიდი ოჯახების წახალისების, ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიებისა, თანამდებობის პირებისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საჯარო მოწოდებებისა და აბორტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვებისა, რუსეთმა ვერ შეძლო დემოგრაფიული კლების შეჩერება.
კრიზისის შესახებ საზოგადოების აღქმის კონტროლის მიზნით, ხელისუფლებამ შეზღუდა წვდომა დეტალურ დემოგრაფიულ სტატისტიკაზე, ასევე რუსეთის მოსახლეობის საერთო მონაცემებზე.
2018 წელს პუტინმა წარადგინა ეროვნული დემოგრაფიის პროექტი იმ იმედით, რომ ექვს წელიწადში შეაჩერებდა ქვეყნის მოსახლეობის შემცირებას, თუმცა ყოველწლიურად, რუსეთში შობადობა იკლებს.
euronewsgeorgia.com
