საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1620 კონსტიტუციური სარჩელი

2025 წლის 25 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა №1620 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა ჯანაშია და პაატა დანელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სადავო ნორმა არეგულირებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამონაკლისის სახით, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მათთვის უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევებს. კერძოდ, დასახელებული დებულების თანახმად, თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ზღვრულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის უფლებამოსილება, შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის.
„მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, ზღვრული ასაკის მიღწევისას ან/და თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემთხვევაში, უფლებამოსილება გაუგრძელოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მის წარმოებაში არსებულ საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მაშინ, როდესაც მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოშობს უზენაესი სასამართლოს პალატაში კვორუმის შეკრებისა და, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს შეფერხების საფრთხეს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება ქმნის ამ ინსტიტუტით მანიპულირების შესაძლებლობას და ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის დამოუკიდებლობას ვადის გაგრძელების პერიოდში.
მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს სწრაფი, დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. მოპასუხის განმარტებით, მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება და მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმეების დასრულება. ამავდროულად, მოპასუხის აღნიშვნით, მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელება დროებითი ხასიათისაა და რისკებს არ უქმნის მათ (მოსამართლეთა) დამოუკიდებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ არ კრძალავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელებას დაწყებული საქმეების დასრულების მიზნით. სასამართლოს შეფასებით, ასეთი შესაძლებლობა თავსებადია კონსტიტუციასთან და ემსახურება მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას, მათ შორის, იმ შემთხვევებშიც, როდესაც მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტით არ იქმნება კვორუმის არსებობისა და, შედეგად, სასამართლოს შეფერხების საფრთხე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული მექანიზმი ხელს უწყობს მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეთა დროულ გადაწყვეტას და, შესაბამისად, უზრუნველყოფს სწრაფ/დროულ, ეფექტიან მართლმსაჯულებას.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელება, თვისობრივად, არ უთანაბრდება მოსამართლის თანამდებობაზე განწესებას ან ამ თანამდებობაზე მის განმეორებით დანიშვნას. გარდა ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელებისას, გარდა იმ ობიექტური მოცემულობისა, რომ მას დარჩენილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე გადასაწყვეტი საქმეები, ასევე მხედველობაში მიიღება უზენაეს სასამართლოში საქმეთა ნაკადის სტატისტიკური ანალიზი, პალატების დატვირთულობა, პალატის შემადგენლობაში მოსამართლეებზე განაწილებული საქმეების რაოდენობა, სირთულე, საქმეების დასრულების რეალისტურობა და სხვა გარემოებები. ყოველივე აღნიშნულის შესწავლასა და შეფასებაზე პასუხისმგებელ კონსტიტუციურ ორგანოს კი სწორედ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელებაზე გადაწყვეტილების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღება ლოგიკურ გადაწყვეტად იქნა მიჩნეული. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მინდობა, მნიშვნელოვნად აზღვევდა მოსამართლის დამოუკიდებლობაზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოების მხრიდან.
დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებული სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა ნათლად მიანიშნებდა აღნიშნული ინსტიტუტის ლეგიტიმურ მიზანსა და მოსამართლისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების დროებით ხასიათზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1620 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.