„2024-ში მიგრანტებისგან შემოსულ თანხებს ის ფინანსური ნაკადები ჩაანაცვლებს, რომელსაც ციფრული ეკონომიკა ქმნის“ – ლევან ვეფხვაძე

„2024 წელს ნელ-ნელა მიგრანტებისგან შემოსულ თანხებს ის ფინანსური ნაკადები ჩაანაცვლებს, რომელსაც ქვეყანაში ციფრული ეკონომიკა ქმნის“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, 2024 წლის მოლოდინებზე საუბრისას, განაცხადა. მისი თქმით, 2023 პირველი წელი იყო, როცა ციფრულ აქტივებში კაპიტალის შემოდინებებმა მილიარდ დოლარს მიაღწია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა შევინარჩუნოთ.
„ნელ-ნელა მიგრანტებისგან შემოსულ თანხებს ჩაანაცვლებს ის ფინანსური ნაკადები, რომელსაც ქვეყანაში ციფრული ეკონომიკა ქმნის. 2023 პირველი წელი იყო, როცა მილიარდ დოლარს მიაღწია კაპიტალის შემოდინებებმა სწორედ ციფრულ აქტივებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ 2-3 კრიტიკული რეფორმა დასჭირდება, რომ ეს ზრდა მაღალი ტემპით შევინარჩუნოთ 2024 წელსაც. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა სტანდარტულზე არ დავიყვანოთ. სტანდარტულზე დაყვანა მოლოდინებს გააციებს. ამიტომ გვჭირდება მაღალი ზრდის შენარჩუნება“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისი თმით, 2024 წლისთვის კიდევ ერთი მოლოდინი ბუნებრივ წიაღისეულს უკავშირდება და დიდი ალბათობით, მასზე ფასები მსოფლიო ბაზარზე გაიზრდება.
„ბუნებრივი წიაღისეულის სექტორში 2022-23 წლები იყო საკმაოდ ცუდი წლები და, აქედან გამომდინარე, 2024 წელს არის მოლოდინი, რომ მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია გამოსწორდება. ველოდებით, რომ წიაღისეულის ფასი გაიზრდება. ახლა თვითღირებულებაზე დაბალია“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გასული წელი ძალიან პოზიტიური იყო ევროპასთან დაახლოების ნაწილში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ბიზნესს მეტ სტაბილურობას და გარანტიებს მოუტანს.
„2023 წლის დეკემბერი ყველაზე დიდად გამორჩეული პერიოდი იყო იმ კომპანიებისთვის, რომლებიც 2024 წელს გაფართოებას აპირებენ, რადგან ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მეტ სტაბილურობას შეუქმნის ბიზნესს, მეტ გარანტიებს მისცემს პარტნიორების მოზიდვის კუთხით და, რაც მთავარია, კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდის გამო, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, გასული წლის მთავარი გამოწვევები – კვალიფიციური კადრები, ადმინისტრაციული ბარიერები და ბიუროკრატია იყო.
„წინა წლებში მთავარ პრობლემებს შორის იყო ლარის კურსის არასტაბილურობა, ასევე მოთხოვნისა და სერვისების სიმცირე იმ პროდუქტებზე, რომელსაც კომპანიები ბაზარს აწვდიან. დღეს ეს ორივე მაჩვენებელი საკმაოდ დაბლაა და პრობლემების სათავეში, სამწუხაროდ, კვალიფიციური კადრები, ადმინისტრაციული ბარიერები და ბიუროკრატიაა. ადმინისტრაციულ პრობლემებს კომპანიები მიაწერენ იმ ახალ რეგულაციებს, რომლებიც შემოდის ხოლმე, თუმცა, ფართო სურათს თუ შევხედავთ ეს არის ის სტანდარტები, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში დანახარჯებს გვიზრდის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპასთან გაახლოებს. თუმცა, ყველაზე გონივრული იქნება, რომ დავინახოთ ეს რეგულაციები სხვადასხვა ქვეყანაში როგორ მუშაობს და რა პრაქტიკაა. ზოგან მკაცრია, ზოგან რბილია და არ არის აუცილებელი, რომ ყველაზე მკაცრი და მაღალი სტანდარტი შემოვიტანოთ მაშინ, როცა ჩვენი ეკონომიკა შეიძლება არ იყოს ამისთვის მზად“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიღების შემდეგ ახალ ეტაპზე გადავდივართ და „ეს არის გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპი. აი, იქ უკვე წამოვა ახალი, დამატებით სტანდარტები და დირექტივები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გამოცდილება იმისათვის, რომ ავუხსნათ პოლიტიკის დამდგენს, კონკრეტულ დირექტივაზე ვისაც მოუწევს მუშაობა, რომ თუკი წინა დირექტივებსა და სტანდარტებზე ვიმუშავეთ და ვთქვით, რომ „ეს ძალიან მკაცრია და სხვა ვარიანტი ვნახოთ“, ახლაც შეგვიძლია ასე მოვიქცეთ, რადგან დირექტივები ოპციას იძლევა, ეს არ არის ერთი ჩაბეტონებული დათქმა, ეს არის ოპციების ერთობლიობა, რომელიც შეგიძლია აირჩიო. ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება, რომ ისე წარვმართოთ დიალოგის რეჟიმი, რომ ნაკლები წნეხი იყოს კომპანიებსა და მათ ფინანსურ ნაკადებზე“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.