ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა კოლორადოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველად არჩევნებში (პრაიმერიზში) მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.
ტრამპის ადვოკატებმა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს 3 იანვარს მიმართეს. მათი შეფასებით, კოლორადოს სასამართლომ მილიონობით ადგილობრივი ამომრჩევლისთვის ხმის უფლების წართმევით არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიიღო.
კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2023 წლის 19 დეკემბერს აუკრძალა მონაწილეობა რესპუბლიკელების პირველად არჩევნებში, რომელიც ამ შტატში 2024 წლის 5 მარტს უნდა ჩატარდეს.
კოლორადოს სასამართლომ გადაწყვეტილება ახსნა აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით, რომელიც ამბოხებაში მონაწილე პირებს არ აძლევს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლებას. კოლორადოს სასამართლოს შეფასებით, 2021 წლის იანვარში, კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეების თავდასხმა სწორედ ამბოხება იყო.
2023 წლის დეკემბრის ბოლოს დონალდ ტრამპს რესპუბლიკელების პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა მეინის შტატის სახელმწიფო მდივანმა შეინ ბელოუზმაც. ტრამპის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება შტატის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
დონალდ ტრამპისთვის პრაიმერიზში მონაწილეობის აკრძალვის საკითხს სხვა შტატების სასამართლოებიც განიხილავდენ. 2023 წლის შემოდგომაზე მინესოტის შტატის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა ტრამპისთვის კენჭისყრის აკრძალვაზე, მიჩიგანის სასამართლომ კი მიიჩნია, რომ საკითხი კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს.
პირველად არჩევნებში, რომელსაც პარტიები შტატების მიხედვით ატარებენ, პრეზიდენტობის პრეტენდენტები მონაწილეობენ. პრაიმერიზის შედეგების საფუძველზე ხდება პარტიის საერთო კანდიდატის შერჩევა.
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის პირველია, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე, მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. ტრამპი, რომელიც ამჟამად საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.
· 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.