კირილ ბუდანოვი – ტრამპის გუნდში უკრაინის მტრები არ არიან, რუბიო და კელოგი არიან, რომელთა პოზიცია მკაფიოა: უკრაინის დახმარება აშშ-ის ეროვნული ინტერესების ნაწილია – ამერიკა ჩვენი მეგობარია

ტრამპის გუნდში უკრაინის მტრები არ არიან, საკვანძო ფიგურები რუბიო და კელოგი არიან. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა უკრაინულ გამოცემა Kyiv Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
“უკრაინისთვის საკვანძო მომენტი ის არის, რომ ამ [ტრამპის] გუნდში უკრაინის მტრები არ არიან. რა თქმა უნდა, არის ხალხი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკურად უყურებს დახმარებას, რომელსაც გვაწვდიან. მაგრამ არიან ისინიც, ვინც ასეთ დახმარებას არასაკმარისად მიიჩნევს. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება -ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს და ასევე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის დასახელება. და მათი პოზიცია აბსოლუტურად მკაფიოა – უკრაინისთვის დახმარება აშშ-ის ეროვნული ინტერესების ნაწილია. ამიტომ ის უნდა გრძელდებოდეს და იზრდებოდეს როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად”, – განაცხადა ბუდანოვმა.
მან ასევე აშშ-უკრაინის ურთიერთობების პერსპექტივაზეც ისაუბრა.
“არასდროს დამიკარგავს ამ საკითხზე ოპტიმიზმი. ამერიკა ჩვენი მეგობარია. კი, ჩვენი ურთიერთობები ყოველთვის მარტივი არ არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვპოულობთ საერთო ენას. ის ფაქტი, რომ კიტ კელოგი ახლა ომის დასრულებისთვის აშშ-ის ინტერესების მთავარი წარმომადგენელია, ამ მიდგომის სისწორეზე მეტყველებს. სტრატეგიული პარტნიორები ვართ. და ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყანას აძლიერებს,” – განაცხადა ბუდანოვმა.