შალვა პაპუაშვილი უკრაინაში აქციებზე – ესაა, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ: სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის – ამ მომთაბარე შაპიტოს დესანტირება, გარედან ორგანიზებული იყო, უკრაინისთვის თვალყურის მდევნებლების მისაჩენად

უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება უკრაინული მედიის ინფორმაციას, რომ ში ანტიკორუფციული ბიუროსა და ანტიკორუფციული პროკურატურის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
როგორც ის აღნიშნავს, „უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას“.
„უკრაინის ხელისუფლების მიერ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) უფლებამოსილების ცვლილების განზრახვაზე უცხოელების რეაქცია კარგად აჩვენებს რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. ერთი შეხედვით, რა უცნაურია, რომ უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც ჰაიმარსებს, ატაკამსებს და საკუთარი ხალხის სისხლით ევროპის დაცვას ანდობენ, არ ანდობენ საკუთარი ქვეყნის ინსტიტუტების მოწყობას. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს ისტორია კარგად აჩვენებს, რომ მსგავსი, გარედან თავს მოხვეული ინსტიტუციური გადაწყვეტები, სინამდვილეში, ქვეყნის მართვაში გარედან ხელის ფათურის კარიბჭეებია და ამ კარიბჭეებს, ასე ადვილად რომ არავინ დაგახურვინებს, ზუსტად ამას ვაკვირდებით საქართველოში ბოლო წლებია. და რა დამთხვევაა, რომ NABU-ს უფროსის მოადგილე (ანუ თვალი და ყური), მისი დაფუძნების მომენტიდან (2015 წლიდან), სააკაშვილის აგენტურული ხელისუფლების უკრაინაში გაქცეული პროკურორი, გიზო უგულავა იყო, რომელიც, შარშან სექტემბერში, უკრაინის ხელისუფლებამ, შიდა ინფორმაციის გატანის გამო გაათავისუფლა (ფაქტობრივად აგენტი ამხილა).
ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. სააკაშვილის, ადეიშვილის, ლორთქიფანიძის, წოწორიას, ვაშაძის, დეკანოიძის და მთელი ამ მომთაბარე შაპიტოს უკრაინაში დესანტირება, გარედან დაორგანიზებული სპეცოპერაცია იყო, უკრაინისთვის, საქმეში გამოცდილი თვალყურის მადევნებლების მისაჩენად. ამიტომაც არის ეს ხალხი „დიპ სთეითის“ მიერ ხელშეუხებლად გამოცხადებული. ამიტომ სვამენ ადეიშვილს ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში და ამიტომ ხვდებიან მას ბრიუსელის ევროკომისრები; ამიტომ მისცეს ნონა წოწორიას (ადეიშვილის მარჯვენა ხელს) ახალ დავალებად მოლდოვის სასამართლოს “რეფორმა”; ამიტომ დააორგანიზებინეს გია ლორთქიფანიძეს (უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილეს) სააკაშვილის შემოპარება; ამიტომ დადგა სააკაშვილმა, მართლაც პროფესიონალი მზვერავის სიმტკიცით, წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა; ამიტომ გვიშრობენ სისხლს, უკვე ოთხი წელია, რომ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან დაიხსნან, არც ელჩების დემარშებს ერიდებიან და არც პოლონელი ექიმების წინდის სპეცოპერაციას.
ასე მოქმედებს „დიპ სთეითი“ – შეგაქმნევინებს გამოგონილ სტრუქტურებს, საკუთარი აგენტურული „ენჯეოებით“ განიშნინებს საკუთარვე აგენტებს და მერე იქიდან გმართავს და თუ ამ მართვის საცეცების ჩაჭრას მოინდომებ, თავის სასარგებლო იდიოტებს იმასაც კი ათქმევინებს, რომ უკრაინელები საკუთარ სისხლს თურმე არა ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ღვრიან, არამედ იმისთვის, რომ „დიპ სთეითის“ ნაკარნახევ კანონს თითი არ დაედოს“,- წერს პაპუაშვილი.