აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივით ბიუჯეტის მასშტაბური შემცირების წინააღმდეგ გამოვიდა აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თითქმის სამასი მოქმედი და ყოფილი თანამშრომელი, მათ შორის, სულ მცირე, ოთხი ასტრონავტი.
მათ მიაჩნიათ, რომ შემცირებები საფრთხეს უქმნის ინოვაციებსა და ეროვნულ უსაფრთხოებას, წერენ The Guardian-ი და CNN-ი.
მათ ოფიციალური წერილი – სახელწოდებით „ვოიაჯერის დეკლარაცია“ – გაუგზავნეს NASA-ს ამჟამინდელ ადმინისტრატორს და ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერ შონ დაფის, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
დეკლარაცია ეძღვნება კოსმოსური მისიების დროს დაღუპულ 17 ასტრონავტს. მისი ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სამეცნიერო გრანტების, პერსონალისა და საერთაშორისო კოსმოსური მისიების დაფინანსების შემცირებას შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს კოსმოსური კვლევის მომავლისთვის.
„NASA-ში ნებისმიერი პროგრამული ცვლილება კარგად უნდა იყოს დაგეგმილი, რომ რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ სწრაფი ცვლილებები, რასაც მოჰყვა ხარჯი, და რომლებიც უარყოფითად აისახა მისიის შესრულებაზე და კატასტროფული შედეგები გამოიწვია სააგენტოს თანამშრომლებისთვის…
ჩვენ იძულებული ვართ გავაკეთოთ ეს განცხადება, რადგან ჩვენი ხელმძღვანელობა პოლიტიკურ კონიუნქტურას ადამიანის უსაფრთხოებაზე, სამეცნიერო პროგრესსა და სახელმწიფო რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე მაღლა აყენებს. ეს შემცირებები თვითნებურია და განხორციელდა კონგრესის დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით. შედეგები სავალალოა სააგენტოსთვის და ქვეყნისთვის“, – ნათქვამია წერილში.
წერილის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ NASA-ს ტექნიკურ ხელმძღვანელობაში შემოთავაზებული ცვლილებების გამო. ეს სისტემა შეიქმნა, როგორც კონტროლისა და წონასწორობის მექანიზმი, 2003 წელს კოსმოსური ხომალდის შატლ “კოლუმბიის” ტრაგიკული კატასტროფის შემდეგ, რომელსაც შვიდი ასტრონავტი ემსხვერპლა.
განცხადებას ხელი მოაწერა ადამიანთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ: 131-მა მათგანმა მიუთითა თავისი სახელი, მათ შორის არიან NASA-ს, სულ მცირე, 55 ამჟამინდელი თანამშრომელი, ასევე 156 ანონიმური ხელმომწერია.
ამჟამად შეჩერებულია NASA-ს გრანტებიდან, მინიმუმ, 120 მილიონი დოლარი. ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს, რადგან თეთრმა სახლმა სააგენტოს მომავალი წლის ბიუჯეტის მეოთხედით შემცირება შესთავაზა.
გარდა ამისა, საერთაშორისო მისიები უკვე გაუქმებულია და NASA-ს სამეცნიერო ბიუჯეტის თითქმის ნახევარი 2026 წელს შეიძლება შემცირდეს.
ფორუმი