რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური კარიერის დასაწყისის შესახებ გადაღებული ფილმი – „კრემლის ჯადოქარი“ – ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შევიდა. ფესტივალის პროგრამა 22 ივლისს გამოცხადდა.
ფილმი ჯულიანო და ემპოლის რომანის ეკრანიზაციაა და მას ფრანგი რეჟისორი, ოლივიე ასაიასი იღებს. გადაღებების შესახებ მაისის დასაწყისში გახდა ცნობილი. რომანი 2022 წელს გამოიცა, გონკურების ლიტერატურული პრემიის ფინალისტი იყო და საფრანგეთის აკადემიის გრან-პრი მიიღო. სექტემბერში, პარიზში, როლან ოზემ „კრემლის ჯადოქრის“ მიხედვით სპექტაკლი დადგა.
ფილმი მოგვითხრობს პუტინის პოლიტიკური კარიერის დასაწყისზე, პოლიტტექნოლოგის პოზიციიდან, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში „ეფესბეს პერსპექტიულ მუშაკთან“ დაიწყო თანამშრომლობა. პუტინის როლს ბრიტანელი მსახიობი, ჯუდ ლოუ შეასრულებს, ხოლო მის პოლიტიკურ სტრატეგს, ვადიმ ბარანოვს – ამერიკელი პოლ დანო.
„კრემლის ჯადოქარი“ ასაიასის მეორე ფილმია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის გრან-პრის, „ოქროს ლომის“ მოსაპოვებლად იბრძვის. 2012 წელს საკონკურსო პროგრამაში შეირჩა მისი ფილმი “მაისის შემდეგ“, რომელშიც მთავარ როლებს კლემან მეტაიე და ლოლა კრეტონი ასრულებდნენ.
ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ორგანიზებულია La Biennale di Venezia-ს მიერ. მისი ხელმძღვანელია ალბერტო ბარბერა. ფესტივალი 2025 წლის 27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე გაიმართება.
ფორუმი