EBRD„კრისტალთან“ თანამშროლობას იწყებს საქართველოში კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით

· 10 მილიონი დოლარის დაფინანსების პაკეტი საქართველოს წამყვანი მიკრობანკისთვის
· პაკეტი გააუმჯობესებს დაფინანსებაზე წვდომას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის სესხების გაცემის გზით და მწვანე ინვესტიციებისა
· პროექტი ასევე მოიცავს ავსტრიისა და მწვანე კლიმატის ფონდის მიერ დაფინანსებულ ტექნიკურ თანამშრომლობას
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 10 მილიონი აშშ დოლარის (8.6 მილიონი ევროს) ოდენობის დაფინანსების პაკეტი გამოყო „კრისტალისთვის“, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მიკრობანკია, კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად და ქვეყანაში მწვანე დაფინანსების ხელშესაწყობად.
დაფინანსების პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი – EBRD-ის 8 მილიონი აშშ დოლარის სესხი – გაიცემა ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs), მათ შორის, ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებსა და სოფლად მოქმედი კომპანიებისათვის, რაც გააუმჯობესებს მათ წვდომას საშუალოვადიან დაფინანსებაზე ადგილობრივ ვალუტაში და გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.
მეორე ნაწილი – დამატებითი 2 მილიონი აშშ დოლარის სესხი, საიდანაც 1.5 მილიონი აშშ დოლარი EBRD-მა გამოყო, 0.5 მილიონი აშშ დოლარი კი „მწვანე კლიმატის ფონდმა“ (GCF), EBRD-ის „მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინსტრუმენტის“ (GEFF) ფარგლებში – საშუალებას მისცემს „კრისტალს“ გააფართოოს მწვანე დაფინანსება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ტექნოლოგიების დაფინანსებით კერძო პირებისა და MSMEs-ისთვის.
„კრისტალი“ უზრუნველყოფს დაფინანსებას ფილიალების ქსელისა და ციფრული არხების მეშვეობით, რითაც გააგრძელებს ქალების მიერ მართული ბიზნესებისა და სხვა ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფების მხარდაჭერას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს „კრისტალის“ ძალისხმევას გაზარდოს გენდერული თანასწორობის პრინციპებით მოქმედ მწვანე ფინანსურ პროდუქტებზე წვდომა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ავსტრიისა და GCF-ის მიერ დაფინანსებული ტექნიკური თანამშრომლობის პაკეტს, რომლის მიზანია „კრისტალის“ დახმარება შესაძლებლობების განვითარებაში, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრენიოს დრაკინოსმა განაცხადა: „ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიზანს ხელი შევუწყოთ საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი კერძო სექტორის ჩამოყალიბებას. „კრისტალის“ ძალისხმევის მხარდაჭერით, რომლის მიზანიც მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და მწვანე სესხების გაფართოებაა, განსაკუთრებით კი სოფლად არსებული, ჩვენ ხელს ვუწყობთ უფრო მდგრადი და კლიმატის ცვლილებისადმი მგრძნობიარე ეკონომიკის განვითარებას.“
„კრისტალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილია რევიამ განაცხადა: „EBRD-თან პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია „კრისტალის“ მიერ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდგომ ეტაპზე. ფინანსური გარიგების მიღმა, ეს პარტნიორობა ადასტურებს საერთაშორისო ნდობის არსებობას ჩვენი მისიისა და შესაძლებლობების მიმართ. ის საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ძლიერი მოკავშირე გავხდეთ ადგილობრივი მეწარმეებისთვის – განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ფინანსებზე წვდომა კვლავ პრობლემად რჩება.“
„კრისტალი“ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა დინამიური ზრდითა და განვითარებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სახით მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირების შემდეგ, კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზირების მომენტისთვის, „კრისტალს“ ჰქონდა 570 მილიონი ლარის (181 მილიონი ევრო) ოდენობის სესხების პორტფელი, მართავდა 48 ფილიალს, ასაქმებდა 1000-ზე მეტ თანამშრომელს და ემსახურებოდა 100 000-ზე მეტ ინდივიდუალურ კლიენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „კრისტალი“ აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობის გზით. მხოლოდ 2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში კომპანიამ წარმატებით მოახდინა 130 მილიონ ლარზე (41 მილიონი ევრო) მეტი ახალი დაფინანსების მობილიზება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დღეისათვის განახორციელა თითქმის 5,52 მილიარდი ევროს ინვესტიცია 313 პროექტში საქართველოს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ინვესტიციების 83 პროცენტი კერძო სექტორშია.