საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს

საბერძნეთში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს, კიშინიოვმა მისი ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლორეტა ლისნიკმა მოლდოვურ მედიას დაუდასტურა.
“იუსტიციის სამინისტრომ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო მას შემდეგ, რაც კიევში “ინტერპოლის” ბიურომ ოფიციალურად შეგვატყობინა საბერძნეთში მისი დაკავების შესახებ. ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას საბერძნეთის შესაბამის ორგანოებში გააგზავნიან”, – განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა.
მან აღნიშნა, რომ სამინისტრო ყურადღებით აკვირდება ვითარებას “მოლდოვის ინტერესების დასაცავად”.
ცნობისთვის, 22 ივლისს მოლდოვის პოლიციამ ინფორმაცია გაავრცელა ათენის აეროპორტში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის დაკავების შესახებ. მათი ცნობით, პლახოტნიუკი დუბაიში მიემგზავრებოდა და ათენის აეროპორტში ტრანზიტით იმყოფებოდა.
“ინტერპოლმა” პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაში 2025 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. მოლდოვის პროკურატურის ცნობით, პლახოტნიუკმა 39 მილიონი დოლარი და 3.5 მილიონი ევრო მიიღო კომპანიების მეშვეობით, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ილან შორი აკონტროლებდა.