რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “დარიალსა” და რუსულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსს” მყოფი უკრაინელებიდან ერთ-ერთმა პროტესტის ნიშნად ყელი დაიზიანა.
ათობით უკრაინელი აქ რამდენიმე დღეა გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა. მათ არც საქართველოში უშვებენ, რადგან შესაბამისი დოკუმენტები არ აქვთ.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ უკრაინელები შსს-ს თანამშრომლებს სთხოვენ, შეუქმნან მათ სათანადო პირობები ან უპასუხონ, როდემდე უნდა იყვნენ “გაუსაძლის პირობებში” და როდის მიეცემათ საქართველოს დატოვების შესაძლებლობა.
BBC-ს ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ივნისში, 30 მათგანი, რომლებსაც ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები, ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში წაიყვანეს და მოლდოვაში გაუშვეს. კიშინიოვში ჩასულები ავტობუსით გაუშვეს ოდესისკენ. ეს ყველაფერი უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს შორის კომუნიკაციით მოხერხდა და იგეგმებოდა, ასე დაებრუნებინათ სამშობლოში სხვებიც.
როგორც BBC-ს ჟურნალისტს ამ დრომდე ლარსზე მყოფი უკრაინელები უყვებიან, მეორე ნაკადში სამი უკრაინელის გაყვანა იგეგმებოდა. თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველმა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მოლდოვა მათ მიღებაზე უარს ამბობდა.
ოფიციალური განმარტება არც მოლდოვისა და არც უკრაინის მხარეს არ გაუკეთებია, მაგრამ BBC ესაუბრა ორგანიზაცია “უკრაინელი პატიმრების დაცვის” წარმომადგენელ ანა სკრიპკას, რომელიც ვარაუდს გამოთქვამს უარის მიზეზებზე. სკრიპკას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკრაინელები საზღვრიდან აეროპორტამდე მიიყვანა და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ მოლდოვაში გაფრენამდე. მაშინ, როცა კიშინიოვში ჩასულები ავტობუსში ჩასვეს და ოდესაში დამოუკიდებლად გაუშვეს. სკრიპკას ინფორმაციით, ოთხმა უკრაინელმა საზღვარი არ გადაკვეთა და, როგორც ჩანს, მოლდოვაში დარჩა. რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მოლდოვის უარის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მათ სამშობლოში დაბრუნებას, როგორც კი უკრაინა და მოლდოვა შეთანხმდებიან.
“აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი.
როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, დაბრუნდნენ სამშობლოში”, – დარახველიძის ამ კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალის” უფროსის მოადგილე, ლუკა პაატაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 80 ადამიანია საზღვართან. მისივე თქმით, მათ ნაწილს საერთოდ არ აქვს საკმარისი დოკუმენტაცია და დადასტურებით იმის თქმაც უჭირს, არიან თუ არა ისინი უკრაინის მოქალაქეები. პაატაშვილის კომენტარსაც “რუსთავლი 2” ავრცელებს.
