კიევში ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს, რომელიც რუსულ FSB-სთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიევში ყოფილი უკრაინელი მაღალჩინოსანი დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოება მას ს სასარგებლოდ მუშაობასა და რუსული FSB-ს აგენტობაში ადანაშაულებს. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება, თუმცა აღნიშნულია, რომ ის წინა წლებში ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა და მხარს უჭერდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების რუსეთის როსტოვის ოლქთან შეერთებას, ასევე ეწეოდა საინფორმაციო დივერსიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
“2014 წელს, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, მან დაიწყო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც „პოლიტიკურმა ექსპერტმა“ და პუბლიკაციების ავტორმა, სადაც ადიდებდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ. ამ დროიდან იგი უშუალო კავშირში იყო FSB-ის მე-5 სამმართველოს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რომელიც კოორდინაციას უწევდა მის საინფორმაციო და დივერსიულ საქმიანობას უკრაინის წინააღმდეგ. რუსი აგენტი ასევე თანამშრომლობდა ტერორისტ პასიჩნიკთან, რომელსაც მან „ექსპერტთა“ რეკომენდაციები გადასცა დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში უკრაინელი პატრიოტების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერების შესახებ.
გარდა ამისა, აქვეყნებდა პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების როსტოვის ოლქის შემადგენლობაში შესვლას ითხოვდა” ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ინფორმაციაში.
უკრაინის უსაფრთხოებამ აგენტი საკუთარ სახლში დააკავა. მისი სახლისა და მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მისი დივერსიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ბრალდებულს აღმოაჩნდა აგრესორი სახელმწიფოს წარმომადგენლების „თანამშრომლობის ჯილდო“, ასევე აკრძალული კომუნისტური და პროკრემლისტური სიმბოლოები.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ღალატის მუხლით წაუყენეს და სასამართლომ მას უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.