როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. არც თავდაცვის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან და არც პრეზიდენტისგან, არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, სადაც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
მისივე თქმით, ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს, სამსახურში გაიგო და გატარდა შესაბამისი ღონისძიება თავდაცვის ძალებში, რათა ნებისმიერი შემთხვევისთვის ყოფილიყვნენ მზად.
“საკითხი ეხებოდა ჩორჩანას ინციდენტს. იმ პერიოდში ვიყავი თავდაცვის ძალების მეთაური. რომ ვიყო ობიექტური და არ მოგატყუოთ, არ ვიცოდი ჩორჩანასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით გავიგე მეორე დღეს. სამსახურში, როდესაც მივედი დილის 9:00 საათზე. მაშინ გამაგებინეს, რომ ჩორჩანაში რაღაც ხდებოდა. ქართული საგუშაგოების აღმართვასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია.
პროცესი როდის დაიწყო, ზუსტად არ ვიცი. დილით სამსახურში რომ მივედი, ჩემმა თანამშრომლებმა დამახვედრეს ინფორმაცია, შესაბამისად, ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული საკითხით, გავატარეთ შესაბამისი ღონისძიება თავდაცვის ძალებში, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვყოფილიყავით, ჩავატარეთ თათბირი იმისათვის, რომ თავდაცვის მინისტრისა და მთავრობის მეთაურის ბრძანების შემთხვევაში მზად ვყოფილიყავით.
როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ. არც თავდაცვის მინისტრისგან, არც პრემიერ-მინისტრისგან და არც პრეზიდენტისგან ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია.
გზის გაყვანის პროცესი ეს იყო შემდეგი ეტაპი, ეს უკვე მეორე თუ მესამე დღე იყო. უწყებამ მოგვმართა მაშინ, როდესაც საგუშაგოები აღიმართა”, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
