მოთხოვნების შესრულებამდე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას — არტიომ გრიბულის წერილი ციხიდან

ციხიდან ვრცელდება არტიომ გრიბულის წერილი, რომელშიც იგი აყენებს მოთხოვნებს და მოთხოვნების შესრულებამდე მშრალ შიმშილობას აცხადებს.
არტიომ გრიბულს, ანასტასია ზინოვკინასთან ერთად, პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. ისინი საქართველოში ახალი ჩამოსულები იყვნენ, ჩაერთნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტში და პოლიციის მხრიდან მიზანში ამოღებას სწორედ ამას უკავშირებენ. მათი საქმე ერთ-ერთი რეჟიმის ტყვეთა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებში. სულ 5 ასეთი საქმე: არტიომ გრიბულისა და ანასტასია ზინოვკინას საქმე, ანტონ ჩეჩინის საქმე, ნიკუშა კაციას საქმე, გიორგი ახობაძის საქმე და თედო აბრამოვის საქმე. ყველა მათგანი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები ჩადებულია და მათი საქმეები, გამოძიების ეტაპიდანვე და მერე უკვე სასამართლოშიც, მსგავსი სცენარით ვითარდება.
არტიო გრიბული საკანში ანტონ ჩეჩინთან ერთად ზის. ანტონ ჩეჩინის ცოლის ინფორმაციით, ორივემ ერთდროულად დაიწყო მშრალი შიმშილობა.
წარმოშობით რუსი ახალგაზრდები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პატიმრებად იქცნენ თბილისში, რუსულ საპროტესტო მოძრაობებშიც იღებდნენ მონაწილეობას და საქართველოში პუტინის რეჟიმს გამოქცევის შემდეგ დაიდეს ბინა.
ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ არტიომ გრიბულის წერილს ციხიდან.
შვიდი თვის წინ, მე და ანასტასია ზინოვკინა პოლიციელებმა აგვიყვანეს და ნარკოტიკები ჩაგვიდეს. არც დაუფარავთ, ეს რატომ გააკეთეს — საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო. საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის გამო. მათ უფროსობას ძალიან ეშინია თავისი ხალხის და მთელი ძალით ცდილობენ, დააშინონ საზოგადოებაც და ყველა, ვინც ხალხს ეხმარება.
ბევრი საქმეა აღძრული საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც პროტესტს უჭერს მხარს. ზოგიერთი მათგანი ჩვენს საწინააღმდეგო სცენარს უმცირესი დეტალების ჩათვლით იმეორებს. ასეთია ანტონ ჩეჩინის, გიორგი ახობაძის, ნიკა კაციას, თედო აბრამოვის საქმეები.
ჩვენს საქმეზე ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიება არ ჩატარებულა. ადვოკატებსაც არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ თავისი ძიება ეწარმოებინათ: არ გვაძლევენ საშუალებას, რომ მოვიპოვოთ მტკიცებულებები, რომლებიც მთლიანად გაგვამართლებდა და ცხადყოფდა, რომ ნამდვილი დამნაშავეები პოლიციელები არიან.
· სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ გამოთხოვილი ყოფილიყო და საქმეს დართვოდა მაღაზია „ორი ნაბიჯის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ამ კამერებს უნდა აესახათ ყველა ის დანაშაული, რაც ჩვენი დაკავების დროს ჩაიდინეს, იმ მომენტამდე, სანამ ნარკოტიკებს ჩაგვიდებდნენ. ამ ჩანაწერს შეეძლო გაებათილებინა პროკურატურის მოწმეების ტყუილები. გასაგებიცაა, რატომ ეშინოდათ ამ ვიდეოსი.
· პოლიციელებისა და თარჯიმნის დაკითხვის ოქმებში არ არის დაფიქსირებული ტელეფონის ნომრები, რისი საშუალებითაც, დაცვის მხარეს შეეძლო დაედგინა დეტალები განხორციელებულ ზარებთან და გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მთლიანად გააბათილებდა იმ ტყუილს, რაც ჩვენი დაკავების დროდ არის მითითებული ჩხრეკისა და დაკავების ოქმებში და დაამტკიცებდა, რომ სასამართლოში პროკურატურის ყველა მოწმე ტყუოდა.
· სასამართლოში დაკითხვისას, ირაკლი მუხათგვერდელმა თქვა, რომ მან ხელთათმანების გარეშე გამჩხრიკა და ნარკოტიკებით სავსე პაკეტები ამოიღო. მაგრამ სინამდვილეში, მან ანასტასია გაჩხრიკა. მე გამჩხრიკა ჯემალ მირაზანაშვილმა, რომელმაც სასამართლოზე განაცხადა, რომ დაკავების ადგილას საერთოდ არ ყოფილა! შუამდგომლობა დავაყენე, მოვითხოვე ჩატარებულიყო ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც აჩვენებდა, რომ ირაკლი მუხათგვერდელი პაკეტებს საერთოდ არ შეხებია. სასამართლომ უარი მითხრა.
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლითაც სასამართლო სხდომებზე აღარ დაიშვებიან ფოტო-რეპორტიორები და ვიდეო-ოპერატორები. ჩვენს მშობლებს, ნათესავებს ჩვენი ნახვა მხოლოდ მედიის საშუალებით შეეძლოთ და მათ ახლა ეს შესაძლებლობაც აღარ აქვთ.
ჯერ კიდევ ჩვენს დაკავებამდე ჰქონდა ანასტასიას სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად, ხერხემლის პრობლემები. ეს პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდა ციხეში არსებული ცუდი პირობების გამო. თუ შეამჩნიეთ, ანასტასიას სასამართლოს სკამებზე ჯდომაც აღარ შეუძლია. ძალიან სტკივა ზურგი. ციხის ადმინისტრაცია ექიმის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. მაგალითად, ანასტასიას ორთოპედიული მატრასიც კი არ მისცეს. ზურგის ტკივილის გამო ის შიშველ ნარზე წევს, ასე უფრო ნაკლებად სტკივა.
ამ ყველაფერთან ერთად, ანასტასია საშინელ პირობებშია:
· არ არის საკანში ნორმალური განათება. ამის გამო, ანასტასიას, რომელიც სულ ამ შუქში წერს და კითხულობს, მხედველობასთან დაკავშირებითაც სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.
· არ კვებავენ ნორმალურად, რის გამოც ძალიან გახდა. არც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ თავად გაიკეთოს საჭმელი — ელექტროქურა, რომელიც ჩემს ციხეში იყიდება, მასთან არ არის.
ანასტასიასგან ვიცი, რომ იმდენად პატარა ზომის საკანშია, ნორმალურად გამართვა და სიარულიც შეუძლებელია. სიგრძეში სულ 5-6 ნაბიჯია.
მოვითხოვ:
· ნება დართონ მედიებს, დაესწრონ და გადაიღონ ყველა პროცესი.
· პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩვენი საჩივრების საფუძველზე.
· გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რა პირობებშიც ჰყავთ ანასტასია და მისცენ მას საშუალება, იკვებოს ნორმალურად, გადაიჭრას ყველა ის საკითხი, რაც მის ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს. გადაიყვანონ სუფთა, ნათელ და უფრო დიდ საკანში.
ჩემი მოთხოვნების შესრულებამდე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, არ მივიღებ არც საკვებს და არც წყალს. ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!
21 ივლისი,
არტიომ გრიბული