ცოლის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 44 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს. პროკურორის ინფორმაციით, დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.
ფემიციდის შემთხვევა ბათუმში მოხდა. 37 წლის ქალს ქმარმა სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. კაცი პოლიციამ მალევე დააკავა.
ცოლ-ქმარი ბათუმში ქირით, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. ბავშვები მკვლელობის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კაცს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამადაც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს, ეს უცნობია.
მომდევნო სასამართლო სხდომა 25 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე ნებისმიერს შეუძლია ჩამოტვირთოს 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS!!! ღილაკით დაუკავშირდეს ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე – 116 006 / კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.