შპს „გაზეთი ბათუმელებმა“, რომელიც ონლაინგამოცემებს „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აერთიანებს, დღეს, 22 ივლისს გადაიხადა შემოსავლების სამსახურში 47 ათასი ლარი – თანხა, რომელიც ორგანიზაციას ბიუჯეტში დავალიანების სახით დაუგროვდა. „ბათუმელების“ ცნობით, ეს თანხა მკითხველის მხარდაჭერით შეგროვდა.
ამით მედიაორგანიზაციის ვალდებულებები არ აღმოფხვრილა. ბოლო წლებში დაგროვილ გადასახადს დაემატა საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა 109 ათასი – ეს თანხა, ჯამში 235 ათასი ლარი, კომპანიას კვლავ გადასახდელი აქვს.
„ინკასო, როგორც ინსტრუმენტი, ხელისუფლებამ გამოიყენა მზია ამაღლობელის განაჩენის ეტაპზე. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ინკასო და უახლეს მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად“, – აცხადებენ „ბათუმელები“.
გუშინ, 22 აგვისტოს, როცა ორგანიზაციის დირექტორისა და თანადამფუძნებლის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ბათუმში სასამართლო სხდომა უნდა გამართულიყო, ცნობილი გახდა, რომ მედიორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო დავალიანების გამო.
მედიაორგანიზაციის მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა გელა მთივლიშვილმა და ზვიად ქორიძემ საჯაროც გამოაქვეყნეს საკუთარი საბანკო ანგარიშები იმისთვის, რომ მკითხველს შესაძლებლობა ჰქონოდა თანხის გადარიცხვის.
„[47 ათასი ლარის გარდა] დამატებით უკვე შეგროვილი გვაქვს 40 ათას ლარზე მეტი. ჯამში ათასზე მეტი შემომწირველია და ყველა შეტყობინებაზე გულს ბაგა-ბუგი გააქვს. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ შემომწირველს ვაგრძელებთ თანხის შეგროვებას“, – წერს გელა მთივლიშვილი.
დღეს, 22 ივლისს შპს „გაზეთი ბათუმელების“ შესახებ განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც:
„შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“.
